თორნიკე შენგელიამ ნბა-ს მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოაგროვა. მინესოტაში გამართულ შეხვედრაში “ბრუკლინ ნეთსის” ქართველმა ფორვარდმა 21.43 წუთი ითამაშა და 2 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მოაგროვა.
ბრუკლინელებს მიმდინარე სეზონში ლამის ჩემპიონობის ამბიცია აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებენ. მართალია, გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავს ტრავმირებული, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე ყოფნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
“ბრუკლინმა” მინესოტაშიც წააგო – 81:111. “ნეთსს” აკლდა დერონ უილიმსი, ბრუკ ლოპესი, ჯეისონ ტერი და ანდრეი კირილენკო. ამ მატჩებში მწვრთნელი ჯეისონ კიდი იმას მაინც ახერხებს, რომ ყველა სათადარიგოს ათამაშებს და ამით მათ სათამაშო პრაქტიკას აძლევს.
ამჯერად, ”ნეთსის” ყველა კალათბურთელზე თითქმის თანაბრად გადანაწილდა სათამაშო დრო. ყველაზე მეტი 27 წუთი სათადარიგო ტაიშონ ტეილორმა ითამაშა, რომელმაც შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. შენგელიამ 22 წუთში თითოჯერ შეასრულა სამივე ღირებულების ტყორცნა, საიდანაც ორქულიანი ჩააგდო.
მომდევნო შეხვედრას ბრუკლინელები 24 ნოემბერს, შინ “დეტროიტთან” გამართავენ.
www.gbf.ge