კალათბურთი

13:26 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 წამი და გამარჯვება კოკოშკოვის გუნდთან

“ბრუკლინ ნეთსმა” დაშავებული ლიდერების გამოჯანმრთელებასთან ერთად მოგებებსაც უხშირა. მართალია, ბრუკ ლოპესი ჯერაც ტრავმირებულია, თუმცა მოედანს გაუშინაურდნენ დერონ უილიამსი და ანდრეი კირილენკო, რაც აისახა კიდეც ბრუკლინელთა შედეგიანობაზე.

2 იანვარს ოკლაჰომაში გამარჯვების შემდეგ “ბრუკლინმა” მორიგი მატჩი შინაურ “ბარკლაი სენთერში” დღს, გამთენიისას მოიგო. თორნიკე შენგელიას გუნდმა ის “კლივლენდი” ისტუმრა, რომლის ასისტენტი მწვრთნელიც საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვია.

კლივლენდელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს “ბრუკლინს” და შეხვედრა ბრძოლაში – 82:87 დათმეს. ქართველმა ფორვარდმა სიმბოლური დროით – მატჩის ბოლო 13 წამი ითამაშა და ცხადია, ვერაფრის მითვლა ვერ მოასწრო. შენგელიასავით 13-13 წამით დასაქმდნენ “ბრუკლინის” ახალბედა მეისონ პლამლი და შენგელიას კბილა ტაიშონ ტეილორი.

“ნეთსს” 12 მოგების წილ 21 მარცხი გააჩნია და საკუთარ დივიზიონში – მე-3, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. თორნიკეს გუნდს მორიგი შეხვედრა 6 იანვარს, შინ “ატლანტასთან” ელის, გუნდთან, რომლის ყოფილი მოთამაშე, ამჯერად კი “მილუოკის” წევრი ზაზა ფაჩულია ისევ ტრავმირებულია.

უკვე 1 თვე შესრულდა ზაზას დაშავების შემდეგ, ხოლო მილუოკელთა ხელმძღვანელობის მაშინდელი განცხადებით, ქართელი ცენტრის სავარაუდო უქმობის პერიოდი სწორედ 1 თვე იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ფაჩულიას მოედანზე მალე უნდა ველოდეთ, თუმცა დღევანდელი მატჩის განაცხადში ის კვლავ არ იმყოფებოდა.

“მილუოკიმ” კი მორიგი, რიგით 26-ე მარცხი განიცადა. “ბაქსმა” ფინიქსში “სანზთან” 100:116 წააგო. მილუოკელთაგან 25 ქულით საუკეთესო ბრენდონ ნაითი გახდა, ხოლო ოჯეი მაიომ პირად ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა.

7 მოგებითა და 26 წაგებით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის უცუდეს შედეგს ფლობს. “ხარირემთა” წინ 10-10 მოგების მქონე “ნიუ იორკი”, “საკრამენტო” და “ორლანდო” არიან. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 7 იანვარს, შინ “გოლდენ სტეიტთან” ელის.

www.gbf.ge

0.111727