კალათბურთი

11:45 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ ჩიკაგოელებს 2 ქულა შეაწია

“ჩიკაგო ბულსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა, რაშიც მცირე წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. გარკვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანს “დენვერ ნაგითსთან” საშინაო შეხვედრაში დაუბრუნდა. 

ჩიკაგოელთა თავკაცმა ტომ ტიბოდომ შენგელია 03:15 წუთს დატვირთა, რა დროშიც თორნიკემ ერთი ორქულიანის ჩაგდება მოასწრო და ერთი პერსონალური ფოლიც მიიღო.

თავად მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც “ხარებმა” 23 ქულის სხვაობით (69:46) მოიგეს, საბოლოოდ კი მეტოქე 117:89 გაანადგურეს. ამდენად გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჩიკაგოელთა დამრიგებელმა თავის გამოჩენის საშუალება განაცხადაში მყოფ ყველა კალათბურთელს მისცა, გარდა დერიკ როუზისა, რომელიც ჯერაც ტრავმირებულია.

“ბულსის” რიგებში ორმაგი დუბლი ჟოაკიმ ნოამ (14 ქულა, 11 მოხსნა) და ტაჯ გიბსონმა (15 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალეს, ყველაზე შედეგიანები კი სათადარიგოები – დი ჯეი აუგუსტინი (22 ქულა) და ტონი სნელი (20 ქულა) იყვნენ.

“ჩიკაგომ” 25 მარცხის წილ 29-ე გამარჯვება იზეიმა და ცენტრალურ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 24 თებერვლის დილას, ფლორიდაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის ლიდერ “მაიამი ჰითთან” ჩაატარებს.

0.123908