სხვა

15:48 | 14.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

შენარჩუნებული ქამრების ღამე

ბრიტანელი მძიმეწონოსანი მოკრივე დევიდ ჰეი WBA-ის (მსოფლიოს კრივის ასოციაციის) ვერსიით კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია. ქამარი 13 ნოემბრის ღამეს, თანამემამულე ოდრი ჰარისონის ძლევით შეინარჩუნა. მანჩესტერში ჩატარებული შეხვედრის მაყურებლებმა თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველი-მეორე რაუნდში იხილეს. მესამე რაუნდიდან კი ჰეის უპირატესობა აშკარა გახდა და მსოფლიოს ჩემპიონმა უძლიერესი დარტყმებით მალევე ნოკდაუნში ჩააგდო მასზე 20 კილოგრამით მძიმე (115 კგ) მეტოქე. მართალია, ჰარისონმა შეხვედრის გაგრძელება შეძლო, მაგრამ სულ ცოტა ხნით. მორიგ მძლავრ შეტევას ვეღარ გაუძლო და მსაჯებმა ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირეს. გამარჯვებულმა წუხელ თითქმის 8 მილიონი ევრო გამოიმუშავა, დამარცხებულს კი მილიონი ერგო, თუმც ჰეის რომც წაეგო, მისი ჰონორარი ჰარისონისას მაინც გვარიანად გადააჭარბებდა.
დევიდ ჰეიმ მანჩესტერული გამარჯვებით საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა. შეგახსენებთ, ტიტული მან 2009 წელს მოიპოვა რუსთა დევკაცის, ნიკოლაი ვალუევის ძლევით. ამჟამად, ბრიტანელი მძიმეწონოსნის ანგარიშზე 26 შეხვედრაა. აქედან 25-ში იმარჯვა (23-ჯერ ნოკაუტით) და მხოლოდ ერთხელ წააგო.
მომავალ ბრძოლას ჰეი, სავარაუდოდ, ვლადიმერ ან ვიტალი კლიჩკოსთან ჩაატარებს, მივა თუ არა საქმე რინგამდე, ეს ბრიტანელი და უკრაინელი მოკრივეების მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული. მხარეები ერთმანეთთან სასაუბროდ აქამდე არაერთგზის დამსხდარან, მაგრამ შეთანხმებისთვის ერთხელაც ვერ მიუღწევიათ. “ჩემი უმთავრესი მიზანი კლიჩკოებისთვის საჩემპიონო ქამრების ჩამორთმევაა, მაგრამ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევხვდები, თუკი კონტრაქტის ფინანსურ პირობებს ცოტა სამართლიანად შეადგენენ. ის, რასაც ძმები თავიანთ მეტოქეებს სთავაზობენ, დამცირებაა და მეტი არაფერი. იმედია, თავმოყვარეობა ეყოფათ და შედარებით თანაბარ პირობებს დათანხმდებიან. დანარჩენს კი რინგზე ვუჩვენებ”, – აცხადებდა დევიდ ჰეი ჯერ კიდევ ჰარისონთან შეხვედრამდე. შეგახსენებთ, ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოები დანარჩენი 3 ვერსიის საჩემპიონო ქამრებს ფლობენ.
წუხელვე, მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი კიდევ ერთმა ვარსკვლავმა მოირგო. არლინგტონის “კოვბოის სტედიუმზე”, ფილიპინელმა, მენი პაკიაომ მექსიკელი ანტონიო მარგარიტო 12-რაუნდიან ბრძოლაში გვარიანად სცემა და WBA-ის (მსოფლიოს კრივის კავშირის) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მე-8 წონით კატეგორიაში - პირველ საშუალო წონაში მოიპოვა. პრომოუთერების თქმით, მენი პაკიაო კიდევ 2-3 ბრძოლას ჩაატარებს და აქტიურ სპორტულ კარიერას დაასრულებს. ფილიპინელის გუნდის მთავარი საფიქრალი ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრის ორგანიზებაა. ამ უკანასკნელს 5 წონით კატეგორიაში მოუგია საჩემპიონო ქამარი.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156341