მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველო, კერძოდ კი ქალაქი რუსთავი, განახლებულ ავტოდრომზე პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, ხოლო მომავალში იქ მსოფლიო რანგის ეტაპები ჩატარდება.
საქართველოს მაღალი რანგის სტუმარი ეწვია - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდი და ის ქვეყნის პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს შეხვდა. მან საქართველოში - ბათუმსა და რუსთავში, სპორტული ავტოდრომები დაათვალიერა, გაეცნო ქვეყანაში არსებულ გზების მდგომარეობას, ავტომობილის მართვის კულტურას, მოიწონა ის, რომ წინა სავრძლებზე მსხდომი ადამიანები უსაფრთხოების ღვედებს ხმარობენ, მაგრამ გაიკვირა ის, თუ რატომ არ ხმარობენ ღვედებს უკანა სავარძლებზე...
ცნობისათვის, FIA მხოლოდ სპორტული ორგანიზაცია არაა. უფრო მეტიც, მისი საქმიანობის 90 პროცენტი სპორტს საერთოდ არ ეხება და მხოლოდ 10 პროცენტი მოდის სპორტზე და ავტორბოლებზე. ამრიგად, ტოდის სტუმრობა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად ვერ ჩაითვლება. და მაინც, მისი ვიზიტის მთავარი მოვლენები, ბათუმისა და რუსთავის მშენებარე ავტოდრომების მონახულება იყო.
ჟან ტოდი: “საქართველოში ბევრი სიურპრიზი დამხვდა. თქვენთან ჩამოსვლამდე უკრაინასა და სომხეთში ვიყავი, მაგრამ აქ ნანახმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ ბათუმი ვნახე, დღეს რუსთავის მშენებარე ავტოდრომი და მე მას ავტოქალაქს დავარქმევდი. გავიცანი საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ახალი პრეზიდენტი შოთა აფხაზავა. რუსთავს აქვს პერსპექტივა, რომ მსოფლიოს ავტოდრომთა სიაში შევიდეს და იქ საერთაშორისო, მაღალი დონის ტურნირები ჩატარდება. ის მეორე დონის ტრასაა და საერთაშორისო დონის ტურნირების მასპინძლობისათვის საჭირო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. FIA მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს საქართველოს და მწამს, მალე ის მსოფლიოს შეჯიბრებების ბადეში ჩაჯდება”.
რუსთავის ავტოდრომზე დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება ახალი, უფრო მრავალფეროვანი გზატკეცილი და მას ფორმულა1-ის გარდა, ყველა დონის შეჯიბრის მასპინძლობა შეეძლება. ტრიბუნები 7 ათას კაცზე იქნება გათვლილი. გზატკეცილი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ივლისში შევა, სრულად კი, რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება და პირველი საერთაშორისო ტურნირიც მაშინ ჩატარდება.
ლადო ვარძელაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი): “რუსთავში საერთაშორისო დონის ავტოდრომი შენდება. ბათუმში ერთი ავტოდრომი უკვე გვაქვს და ჩვენი მიზანია, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, კარგი მრბოლელები აღვზარდოთ. ამ კუთხით სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს”.
ზურა ქსოვრელი







