სპორტის ქართველ გულშემატკივარს ალბათ შეხსენება არ სჭირდება, რომ თბილისი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძვის. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა, დაიწერა და სეოკ-მა ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, ამ კუთხით არაერთი ღონისძიებაც ჩაატარა.
არჩევნები წელს ნოემბერში ბელგრადში დანიშნულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება, სადაც თბილისის კონკურენტი ჩეხეთის ქალაქი ბრნო იქნება. მანამდე კი, 23 ივნისს გამთენიისას საქართველოს დედაქალაქს ეოკ-ის შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე მალტელი იოსეფ კასარი და ნორვეგიელი იასპერ ლარსენი ეწვევიან, რომლებიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სახელით იმოქმედებენ და რეგლამენტის თანახმად საქართველოში მხოლოდ 36 საათს დაჰყოფენ.
შემფასებელი კომისიის წევრებს პროგრამაც დეტალებში აქვთ გაწერილი. ისინი სამი საათის ფარგლებში მისხალ-მისხალ დაათვალიერებენ ყველა სპორტულ ობიექტს და შემდეგ სეოკ-ში ქართულ მხარესთან იმსჯელებენ ”ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალების კანდიდატი ქალაქების სახელმძღვანელო ცნობარის” გარშემო, იგეგმება შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელობასთან.
სტუმრები თბილისს 24 ივნისს დატოვებენ და თბილისის კანდიდატურის შესახებ საკუთარ დასკვნას ეოკ-ის და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიას, ხოლო შემდგომ გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ.







