ფეხბურთი

19:36 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეცდა თუ არა ხარიტონაშვილი?

თბილისში აღებული ქულა “ზუგდიდის” აქტივს თუ უნდა მივათვალოთ,  “სპარტაკისთვის” ერთი ქულა ნამდვილად პასივია, რადგან ცხინვალელთათვის, საკუთარ მოედანზე, უშუალო მეტოქესთან დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგება იქნებოდა.

მატჩის ტემპს არა უშავდა, მაგრამ ორივე გუნდის ფეხბურთელთა საშემსრულებლო დონე ნამდვილად დაბალი იყო და გასაკვირი არაა, რომ ისინი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. ფაქტობრივად, მატჩში მთავარი მოვლენები საწყის 22 წუთში განვითარდა და  ამის შემდეგ, საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ხუთ წუთში ორი პენალტი დანიშნა და თუ ზუგდიდელებს მისი გადაწყვეტილება დიდად არ გაუპროტესტებიათ, ანალოგიურს “სპარტაკელებზე” ვერ ვიტყვით.

მე-14 წუთზე, საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, გიორგი პარუნაშვილმა გადაცემა მეტოქის კართან გააკეთა და ნიკა მგელაძეს ცოტა დააკლდა ბურთისთვის რომ მიესწრო, თორემ შესაძლოა კარშიც გადაეგზავნა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, “ზუგდიდის” საჯარიმოში შეჭრილი გიორგი თექთურმანიძე ცენტრალურმა მცველმა ბაქარ მირცხულავამ წააქცია და მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თორნიკე თუხარელმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.

21-ე წუთზე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი თავის საჯარიმოდან ბურთის მოგერიებას აპირებდა, მაგრამ დავით კირკიტაძემ დაასწრო და “სპარტაკის” მარცხენა მცველის  ფეხის მოქნევის შემდეგ, სტუმართა გარემარბი მოედანზე დაეცა. ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ ამ ეპიზოდში ხიზანეიშვილმა კირკიტაძეს ფეხი ფეხში მოარტყა და პენალტი დადო. ცხინვალელთა უკანახაზელი მწვრთნელისკენ გაემართა და უმტკიცებდა, რომ მოწინააღმდეგეს არ შეხებია. თავის მხრივ კაჭარავა ძალიან გაცხარდა და ხარიტონაშვილს “ტკბილი” სიტყვები არ დააკლო, ბოლოს კი სამსაჯო კარიერის დასრულებითა და  სასტვენის “ერთ ადგილზე” გაკეთებით დაემუქრა.

ალბათ, მსაჯის ქმედებას ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება განიხილავს და გადაწყვეტს რამდენად სწორედ მოიქცა ხარიტონაშვილი. ვერ გეტყვით, დააფიქსირა თუ არა მსაჯმა ოქმში მის მიმართ ნათქვამი სიტყვები, ხშირ შემთხვევაში, ხომ ქართველი არბიტრები ასეთ დროს “არაფერი გამიგიას” პოზიციას იკავებენ. 

მეორე ტაიმი 5 წუთის განახლებული იყო, რომ თექთურმანიძის პასის შემდეგ, თუხარელმა მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. საპასუხო შეტევის დროს, ლაშა ქებაძე “სპარტაკის” კარს საშუალო მანძილიდან დაემუქრა და გიორგი ნადირაძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. მალევე, თექთურმანიძის კარგი პასის შემდეგ, “ზუგდიდის” საჯარიმოში მყოფმა ირაკლი ეხვაიამ შეუჩერებლად დაარტყა, თუმცა მაქსიმე ქვილითაიამ საიმედოდ ითამაშა. მე-80 წუთზე, მარცხნიდან თუხარელის პასის მერე, ზვიად მეტრეველმა თავით კარგად “დაუგდო” ბურთი თემურ შონიას, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან მიზანს ააცილა.

თამაშის დასრულების შემდეგ, კაჭარავას ემოციები ჩამცხრალი ჰქონდა და გასახდელისკენ მიმავალ მსაჯს ისეთი ტონით ელაპარაკებოდა, რომ  ხარიტონაშვილის კარიერაც გადარჩა და მისი სასტვენიც.

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 1:1 (1:1)

5 აპრილი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

სპარტაკი: ნადირაძე, პარუნაშვილი, შონია (კ), თექთურმანიძე, ნიკა მგელაძე, კაკუბავა, ეხვაია (მეტრეველი, 71), თუხარელი, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ჩაფიძე, ჭაფოძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

ზუგდიდი: მაქსიმე ქვილითაია, მირცხულავა, გუგუჩია (ქირია, 81), სიხარულია (კანკია, 55), წიტაიშვილი (კრკელიჩი, 46), ქათამაძე, კალანდარიშვილი, აფაქიძე, კირკიტაძე, ჯავაშვილი, ქებაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გოლი: 1:0 თუხარელი (17), 1:1 გუგუჩია (22).

გაფრთხილება: მირცხულავა (18), ხიზანეიშვილი (21), გუგუჩია (26), ჩაფიძე (64).

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

 

1               დილა                                25              9               8              8                 34:26            35
2 ვიტ ჯორჯია 25 10 5 10 32:32 35
3 ტორპედო 25 9 5 11 25:36 32
4 სპარტაკი 25 7 4 14 22:33 25
5 ზუგდიდი 25 6 6 13 15:33 24
6 მერანი 25 5 4 16 18:43 19
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160114