უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ბათუმის ”დინამომ” და ფოთის “კოლხეთმა” ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს, აჭარლები პირველ ტურში რუსთავის “მეტალურგთან” დამარცხდნენ სტუმრად, რაც შეეხება “კოლხეთს,” მათ ლანჩხუთში “ ტორპედოსთან” დათმეს შეხვედრა 0:3.
აქიდან გამომდინარე, ორივე გუნდი განსაკუთრებულად მოტივირებული გამოვიდა მოედანზე.
“კოლხეთის” მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა პირველი შეხვედრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები შეიტანა გუნდში და შეიძლება ითქვას, რომ ქუთათურებთან მატჩისგან განსხვავებით მეორე შეხვედრაში ხარისხობრივად უკეთესი იყო “კოლხეთის” თამაში. ფოთელთა რიგებში მიკროტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი მცველი თეიმურაზ ფარულავა, ასევე მოხერხდა განელი ლეგიონერის, ადამუ იბრაჰიმის განაცხადში შეყვანა.
მატჩის მე-6 წუთი იყო როცა, “დინამოს” ახალწვეულმა დიმიტრი ტატანაშვილმა თავისი წამოწყებული შეტევა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა ძაგანიას კარის მიმართულებით, თუმცა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა და განმუხტა სიტუაცია.
20 – ე წუთზე ისევ ტატანაშვილი აქტიურობდა, აჭარელებმა მოკლე პასებით ლამაზი კომბინაციური შეტევა განახორციელეს მეტოქე გუნდის კართან, მაგრამ საბოლოო დარტყმამდე ვერ მიიყვანეს საქმე.
22 –წუთზე ასევე მწვავე შეტევით უპასუხეს ფოთელებმა მეტოქეს, ნიგერიელმა ლეგიონერმა ჩარლზ ნევუჩემ “დინამოს” საჯარიმოში მიიღო ბურთი და განელ იბრაჰიმს კარგი პასი გაუკეთა, იბრაჰიმმა კარში კი დაარტყა, მაგრამ მცირე მანძილით აცდა ბურთი მიზანს.
28 – ე წუთზე კი გიორგი ლემონჯავას შორეული უძლიერესი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით აცდა ალავიძეს კარს.
მატჩის 31 – ე წუთზე ერთადერთი გოლი გავიდა “კოლხეთის” კარში. მიხეილ კაკალაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში ყველას ბადრი ტეტუნაშვილმა აჯობა და ანგარიშიც გაიხსნა, 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ, ფოთელებმა სწრაფადვე სცადეს წონასწორობის აღდგენა და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს “დინამოს” კართან, თუმცა მიხეილ ალავიძემ ჯერ 39 – ე წუთზე გუგუჩიას სახიფათო დარტყმა მოიგერია, 42 –ე წუთზე კი გოგონაის არ გაატანინა.
მაღალმა ტემპერატურამ და მოედნის ხელოვნურმა საფარმა, თავისი კვალი დატოვა აღნიშნულ შეხვედრაში. მეორე ტაიმში ორივე გუნდს დაღლა დაეტყო, განსაკუთრებით უჭირდა მოძრაობა ბათუმის “დინამოს”, რომელიც ანგარიშის შენარჩუნებას შეეცადა და ეს გამოუვიდათ კიდეც.
49 – ე წუთზე ნევუჩე ბათუმელთა საჯარიმოში საეჭვოდ წაიქცა, ფოთელი გულშემატკივარი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ თამაშის წესი არ დარღვეულა და შეხვედრა გაგრძელდა.
ნევუჩეს კვალდაკვალ კარგად გამოიყურებოდა განელი იბრაჰიმი, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში სისწრაფეშიც დაჯაბნა “დინამოს” მცველები და სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ განელის მონდომებას შედეგი არ მოჰყოლია.
შეტევაში გართულ ფოთელებს 80 –ე წუთზე კონტრიერიში გამოეპარათ, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ტატანაშვილმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
მატჩის მიწურულს, როცა ორივე გუნდს ყველა ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, “კოლხეთს” ჯერ განელი ლეგიონერი იბრაჰიმი დაუშავდა, ორ წუთში კი გუგუჩიამ ვერ შესძლო თამაშის გაგრძელება, თუმცა საფეხბურთო ფორტუნა “კოლხეთის” მხარეს რომ ყოფილიყო 9 კაცით დარჩენილი “კოლხეთი” მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, 5 –ე წუთზე მაინც შეძლებდა ამ თამაშის გადარჩენას, მაგრამ, შეცვლაზე შემოსულმა ქორჩილავამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ასლან ბალაძე: (“დინამო” ბათუმი): “პირველ რიგში ბათუმის “დინამოს” ვულოცავ პირველ გამარჯვებას, რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდს წაგებული ჰქონდა პირველი შეხვედრა და თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ხარისხით უკამყოფილო ვართ, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს, რამაც შედეგი მოიტანა. შევეცდებით რომ მომდევნო თამაშებზე ხარისხიც გამოვასწოროთ.”
ზაზა ინაშვილი: (“კოლხეთი”): “დინამოს” ვულოცავ გამარჯვებას. წინა შეხვედრისგან განსხვავებით “კოლხეთი” დღეს უკეთესად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ სიცხე იყო, მაღალი ტემპერატურა, გუნდი ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, მთელი თამაშის განმავლობაში ვფოლბდით უპირატესობას, მაგრამ ბურთის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ აუციელებლად მოიგებ თამაშს. ვმუშაობთ იმისათვის რომ ხარვეზები აღმოიფხვრას და მომდევნო მატჩებში აუცილებლად შედეგიც გვექნება.”
დინამო (ბათუმი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)
15 აგვისტო. 17:30. ქობულეთი. “ჩელე არენა”
დინამო: ალავიძე, მახარაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე 46), ჩირიკაშვილი, კაკალაძე (თევდორაძე 61), ტატანაშვილი, ბერიაშვილი (დიასამიძე 46), მგელაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია, გუგუჩია, დ. სიჭინავა (ამბროლაძე 83), შარაშენიძე (ქორჩილავა 67), იბრაჰიმი, ნევუჩე (ნ. სიჭინავა 57).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გოლი: 1:0 ტეტუნაშვილი (31)
გაფრთხილება: ტეტუნაშვილი (47), გუგუჩია (83)
მთავარი მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე
ედემი ელერჯია