ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ტურნირის ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 7:6 (7:1), 3:6, 7:6 (7:5) მოუგო და კარიერის განმავლობაში მეორე ტიტულს დაეუფლა. ამ წარმატების წყალობით რეიტინგსიაში 22-ე ადგილზე მყოფმა ბალკანელმა 316400 დოლარი და 500 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
22 წლის დიმიტროვმა 5 წლით უფროს ანდერსონის ძლევას 3 საათი მოანდომა. გრიგორის აქტივში ბრეიკი და 7 ეისია. დიმიტროვი მეხუთედ შეხვდა ანდერსონს და მეოთხედ შეძლო “შავი კონტინენტის” წარმომადგენლის დამარცხება.
“რამდენჯერმე ანდერსონი მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო წარმატების რწმენა არცერთ მომენტში არ დამიკარგავს. მარეისთან შეხვედრამ დიდძალი ენერგია წაიღო, ამიტომაც ფინალის და აქედან გამომდინარე ტურნირის მოგება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. აკაპულკოში ჩატარებული ყველა შეხვედრა მომქანცველი გამოდგა, ამიტომაც ახლა მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ”, - განაცხადა ფინალის დასრულების შემდეგ დიმიტროვმა, რომელიც აკაპულკოზე უკეთეს დასასვენებელ ადგილს ძნელად თუ იპოვის.