კვლავაც არცთუ სასიამოვნო ცნობები მოდის აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმიდან, სადაც სუმოში წლის რიგით მე-4 სუპერტურნირი მიმდინარეობს. ქართული ტრიოდან მაღალ დონეზე მხოლოდ კოკაი ასპარეზობს, ტოჩინოშინი და გაგამარუ კი დადებით ბალანსზე გასვლას ვერაფრით ახერხებენ.
ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ ბაშოს მე-5 დღეს მე-4 გამარჯვება მონღოლ შოტენროსთან იზეიმა. დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე “შავმა ზღვამ” მე-16 მაეგაშირას წინააღმდეგ ტატიაი-ჰენკა გამოიყენა, მეტოქეს მარჯვნიდან ეკვეთა და დოჰიოდან ოკურიდაშით გააძევა.
ამგვარად, კოკაის წინ მხოლოდ ოთხი სეკიტორიღაა, რომელთაც ტურნირზე მარცხის სიმწარე არ შეუგრძვნიათ – იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოოშუ, მე-6 მაეგაშირა კაკურიუ და მე-13 მაეგაშირა ჰომაშო.
კოკაის მორიგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა შიმიტორი იქნება, რომელსაც ზურგს ორი გამარჯვება უმაგრებს. ქართველი და იაპონელი ზედიზედ მე-6 ბაშოა ერთმანეთს ხვდებიან, გასული ხუთი შერკინებიდან კი ცაგურიამ მხოლოდ ორში იმარჯვა.
ძალიან უჭირს კომუსუბის ტიტულამდე აღზევებულ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინის. ქართველი გოლიათი 37 წლის ოძეკი კაიოსთან უვატედაშინაგეთი დამარცხდა და ხუთ ბრძოლაში ერთადერთი გამარჯვების ამარა დარჩა. თუკი წოდებაში დაქვეითება არ სურს, გორგაძემ დარჩენილი ათი შერკინებიდან მინიმუმ შვიდი უნდა მოიგოს.
ლევანს მორიგი გამოცდა ესტონელ ოძეკი ბარუტოსთან ელის, რომელსაც ნაგოიაში უკვე ორი წაგება აქვს და ქართველთან წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებს. გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ტოჩინოშინი ბარუტოს სამჯერ გადაეყარა და ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
დასასრულ, ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტ გაგამარუზეც ვთქვათ, რომელმაც ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, კიდევ ერთხელ წაიფორხილა და კვლავ უარყოფითი ბალანსი (2 მოგება, 3 მარცხი) გაუხდა.
202-კილოგრამიანი ქართველი მე-13 მაეგაშირა კიმურაიამას დიდი მონდომებით კი ეკვეთა, თუმცა, მეტოქემ განზე გაცლა არჩია და ამ არცთუ პოპლარული მოძრაობის შემდეგ, ჰიკიოტოშით იმარჯვა.
ხვალ, თეიმურაზ ჯუღელი ძალებს მე-16 მაეგაშირა ტამაასუკასთან მოსინჯავს, რომელსაც მისდარი ბალანსი აქვს. წლევანდელ მაისის ბაშოზე გაგამარუმ იაპონელი სეკიტორი იორიტაოშის ილეთით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ნაგოიას ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 25 ივლისამდე გასტანს.







