ერთი ქერა იყო. ტანდაბალი და ცქვიტი. მეორე, მაღალი და შავგვრემანი - რუსები “კავკასიურსიფათიანებს” რომ ეძახიან, ისეთი. მანამდე, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ანდა, სად უნდა გაეცნოთ, როდესაც ერთი რუსეთის ჩრდილოეთში დაიბადა, მეორე კი სამხრეთში. შეხვედრა საფეხბურთო მოედანზე შედგა. რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის 29-ე ტურის მატჩი იყო. ქერა, რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე დიდი ქალაქის საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, თავდამსხმელი იყო და სულ მესამე მატჩს ატარებდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. შავგვრემანი, ჩრდიელოეთ კავკასიის ნაკლებად ცნობილ კლუბში თამაშობდა, მცველი იყო და როგორც მწვრთნელი და თანაგუნდელები უჩიოდნენ, საკმაოდ უხეში მცველიც... ქერას მწვანე ფერის მაისური და შავი შორტები ეცვა. შავგვრემანს ლურჯი მაისური და თეთრი შორტები. შავგვრემანის გუნდს, ფულით გალაღებული ერთ-ერთი ნავთობკომპანია აფინანსებდა. ქერას გუნდის სპონსორი და მფლობელი კი, გაკოტრების პირას მყოფი სანაოსნო კომპანია იყო, რომელიც აზოვისა და ბარენცის ზღვებში დაჭერილ თევზს უკრაინაში ყიდდა.
შეხვედრა მოსკოვის დროით 21:00 საათზე დაიწყო. მასპინძლები ჩრდიელოელები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოკავკასიელების გუნდი უფრო ძლიერიც იყო და ფეხბურთელებიც, შესაბამისად, უკეთესი ჰყავდათ, ჩრდიელოებები მეტ მონდომებას იჩენდნენ, რადგან მათი გუნდი, კიდევ უფრო დაბალ ლიგაში გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. სამხრეთელები კი პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძოდნენ და თავდაჯერება, რასაკვირველია, მეტი ჰქონდათ. თუმცა, ჩრდილოელები რაკი მასპინძლები იყვნენ, გამარჯვება მათ უფრო “მოეთხოვებოდათ.” შავგვრემანს თავიდანვე დიდი ჯაფა დაადგა. ქერა ძალიან სწრაფი და ეშმაკი ვინმე აღმოჩნდა. ყველანაირად ცდილობდა მცველებისგან დასხლტომას და გოლის გატანას. შეხვედრის 25-ე წუთზე, ქერამ ეშმაკური ფინტით შავგვრემანიც მოატყუა, ცენტრალური მცველიც და კარში ახლო მანძილიდან დაარტყა. მაგრამ ჩრდილოკავკასიელებს აფრიკელმა მეკარემ არ უმტყუნათ და თითქმის “მკვდარი ბურთის” აღება შეძლო. თამაშის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, სამხრეთელებმა სულ ორჯერ შეუტიეს სახიფათოდ და ამ ორი შეტევიდან ერთ-ერთი, შავგვრემანის მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულმა გამჭოლმა პასმა შექმნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
გასახდელში ქერა გაბრაზებული შევიდა, რადგან ფიქრობდა, რომ მინიმუმ, ერთი გოლის გატანა მაინც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა. შავგვრემანი შედარებით კმაყოფილი იყო. მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა და იცოდა, მწვრთნელი აუცილებლად შეაქებდა ამისთვის. ტრიბუნები გულშემატკივრებით თითქმის ბოლომდე იყო სავსე. ტრიბუნებზე, რა თქმა უნდა, ძირითადად, ჩრდილოელი ქომაგები ისხდნენ. ჩრდილოკავკასიიდან მხოლოდ ასამდე კაცი იყო ჩასული და ნეოფაშისტების შიშით, ისინიც, როგორც საჭირო იყო, ისე მაინც ვერ ქომაგობდნენ თავიანთ გუნდს. სიფრთხილეს თავი, რასაკვირველია, არ სტკივა.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. ქერა და მისი თანაგუნდელები თავს არ ზოგავდნენ, რომ რაიმენაირად გოლი გაეტანათ. ფრეც კი, მათთვის, შეიძლება, დაბალ ლიგაში გავარდნის ტოლფასი ყოფილიყო და თუ ეს მოხდებოდა, მინიმუმ, ხელფასების განხევრება არ ასცდებოდათ. ეს კი არავის უნდოდა. ლურჯმაისურიანი სამხრეთელები თავს ისე კარგად იცავდნენ, ტრიბუნაზე მჯდომმა ლოთმა პარიკმაკხერმა ვანკა სიმონოვმა, სამხრეთელების გუნდი იტალიის ნაკრებსაც კი შეადარა. მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, რომელი წლის იტალიის ნაკრებს გულისხმობდა. მის თავში დიდი არეულობები იყო და წარსული ამბები და ფაქტები, მხოლოდ ცალკეულ კადრებად ახსოვდა.
შეხვედრის 85-ე წუთი იდგა. ქერამ ბურთი ცენტრში მიიღო, მაღალი სიჩქარით გაექცა ცენტრის ორ მოთამაშეს და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შავგვრემანს გადაეყარა. პირველი ტაიმიდანვე მიხვდა, შავგვრემანი უხეში მცველი რომ იყო და შეეცადა, მისთვის შორი დისტანციიდან აევლო გვერდი. მაგრამ შავგვრემანმა თამაშის დროს მოწინაღმდეგის მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა კარგად იცოდა. ქერას გზა მოკლე მანძილიდან მოუჭრა და ფეხებში ჩაუხტა. როდესაც შავგვრემანი წამოდგა, მაშინღა შეამჩნია, რომ ქერა მიწაზე ეგდო, ხელებით მოტეხილი ფეხი ეჭირა და ტკივილისაგან იკლაკნებოდა. “ფუ, შენი!..” – კბილებში სცრიდა ტკივილისაგან გამწარებული წითური. შავგვრემანი ადგილზე გახევდა. “შენც ქართველი ხარ?!” – გაოგნებულმა ჰკითხა ქერას. ფეხმოტეხილს გარშემო ფეხბურთელები შემოხვეოდნენ, ტრიბუნებზე კი დიდი ღრიანცელი იდგა და შავგვრემანმა ვერ გაიგო, რა უთხრა ქერამ, რომელიც მინდვრიდან საკაცით გაიტანეს და გაირკვა, რომ მინიმუმ, ერთი წელი, ალბათ, ვერ ითამაშებდა ფეხბურთს. შავგვრემანი იდგა დარცხვენილი და გაოგნებული...
ერთს მწვანე მაისური ეცვა, მეორეს – ლურჯი; ერთი მცველი იყო, მეორე - თავდამსხმელი; ერთი რუსეთის სამხრეთში იყო გაზრდილი, მეორე - რუსეთის ჩრდილოეთში. მაგრამ არც ერთი იყო ჩრდილოელი და არც მეორე სამხრეთელი: ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ!
ლევან სეფისკვერაძე







