ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა თვენახევრის წინ,ევროპირველობაზე მოგებულ ოქროს მედალს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო მიამატა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა. წაგებული ორთაბრძოლა კი მისი მეტოქის სიყოჩაღეზე მეტად მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებას უნდა მივაწეროთ - მეოთხედფინალში შავდათუაშვილმა უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ოქროს დროში ისეთი აბსურდული შიდო მიიღო, კომენტატორი გაოცებას ვერ მალავდა. შედეგად, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლა სამხრეთკორეელმა დონგკიო ლიმ გააგრძელა. ლაშა კი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო.
ამ შეხვედრამდე შავდათუაშვილმა ორი მეტოქის დამწუხრება მოასწრო – ჩემპიონატი მეორე წრეში, მაროკოელი მოჰამედ ოტმან არმაზის დაიპონებით გახსნა, ხოლო რუს ევგენი ტირსკიხს იუკო აკმარა. რეპეშაჟში გადართულმა კი კორეელისა და მსაჯების ჯავრი ამერიკელ ევერეტ დისაილიტსსა და ფრანგ არტურ კლერჟეზე იყარა.
66 კილოგრამი ერთადერთი წონაა, რომელშიც ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ მონაწილეთა ქვოტის ბოლომდე შევსება არ ისურვა და განაცხადში მხოლოდ ერთი შეგირდი შეიყვანა. ევროპის ჩემპიონმა იმედი არც ამჯერად გაუცრუა, თუმც უფრო უკეთესი სინჯის მედლის მოპოვებაც რეალურად შეეძლო...
73 კილოგრამში საქმეში მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი ჩაერთნენ. წილისყრამ პირველ მოწინააღმდეგედ ორივეს ირანელი სპორტსმენი არგუნა. ჩოხელმა მალეკ მოჰამად მემარს ულამაზესი წმინდა გდებისთვის 82 წამი აკმარა, გიგანმა კი საეიდ მოლაეის ვერაფერი მოუხერხა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ჩოხელმა კიდევ ორი ეტაპი დაძლია - დანიელ ბენჯამინ დარვილსა და იტალიელ მასიმილიანო კაროლოს დაასრულებინა სამეულზე ფიქრი. მეოთხედფინალში კი ებრაელ საგი მუკისთან საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, მეოთხე გაფრთხილება მიიღო და მოხსნეს. გუშინაც აღვნიშნეთ, ახალგაზრდული ნაკრების წევრთა კარგი ფიზიკური მომზადების შესახებ, მაგრამ მიხეილ ჩოხელი სწორედ არასაკმარისმა გამძლეობამ დააღალატა. არადა ამ ებრაელს წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზეც შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. მაშინ ორივე სპორტსმენი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით მაღლა ბრიტანელი მაქს სტიუარტი ავიდა, რომელმაც ქართველს დღესაც აჯობა - რეპეშაჟის ნახევარფინალში.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღემ მთლიანად იაპონელთა ტრიუმფით ჩაიარა, ვაჟების გარდა გოგონებშიც მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა და ოთხვე ოქრო ძიუდოს სამშობლოში წავიდა.
ხვალ ვაჟები ჩემპიონ-პრიზიორებს 81 და 90 კილოგრამებში გამოავლენენ. საქართველოს სახელით კი ბექა ღვინიაშვილი, შალვა ნინიძე (ორივე 81 კგ), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (90 კგ) იჭიდავებენ. განსაკუთრებულ ინტერესს ახალგაზრდებში ღვინიაშვილის დებიუტი იწვევს. ამ ბიჭმა წლეულს ჭაბუკებს შორის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო - გახდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი.
ოთარ მაღლაკელიძე







