ავსტრალიის ღია პირველობას, მისი ყოფილი ჩემპიონი, რუსი მარია შარაპოვა პირველივე დღეს გამოეთიშა. მან სამსეტიანი ბრძოლა თანამემამულე მარია კირილენკოსთან 6:7, 6:3, 4:6 წააგო.
შარაპოვამ, ვინც “დიდი სლემის” ავსტრალიური ტურნირი ორი წლის წინ მოიგო, შარშან კი მელბურნში მხრის ტრავმის გამო არ უთამაშია, რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ კირილენკოსთან შეხვედრისას, 66 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ვერც მოწოდებებით ივარგა და გადამწყვეტ მომენტებშიც ვერ ახერხებდა ქულების მოპოვებას. ამგვარად, “მელბურნ პარკის” როდ ლეივერ არენაზე მისი დაბრუნება კრახით დასრულდა.
”რა თქმა უნდა, შანსები მქონდა, მაგრამ უბრალოდ, მათი გამოყენება ვერ შევძელი. მან თამაში კარგად დაიწყო. მერე, თითქოს მეც საკუთარი რიტმი ვიპოვნე, მაგრამ შემდეგ, უპირატესობა ვერ შევინარჩუნე და მას სიტუაციის კონტროლის საშუალება მივეცი”, - განაცხადა გულდაწყვეტილმა შარაპოვამ, რომელიც სამი საათისა და 22 წუთის განმავლობაში, ამაოდ ცდილობდა შეხვედრაში გარდატეხის შეტანას.
პირველი სეტის ტაიბრეიკზე წაგების შემდეგ, შარაპოვამ მეორე სეტი იოლად მოიგო და თითქოს, საქმეც გამარჯვებამდე იოლად უნდა მიეყვანა, მაგრამ მესამე ხელის დასაწყისში, ორმაგი შეცდომით (შეხვედრაში მერვე) მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა და 0:2 ჩამორჩა. მაგრამ ყოფილმა ჩემპიონმა დანებება არ ისურვა და მეცხრე გეიმში, როცა 3:5-ს აგებდა და მისი მეტოქე მატჩზე აწვდიდა, როგორც იქნა, საპასუხო ბრეიკის აღება შეძლო. სამაგიეროდ, მომდევნო გეიმში თავის მოწოდებაზე ვერ ივარგა და მონაპოვარი იქვე გაანიავა.
”ვფიქრობ, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვებაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მეორე სეტში, რომელიც წავაგე, ვიგრძენი, რომ მოგება შემეძლო, თუ აგრესიულად ვითამაშებდი. აქედან მოყოლებული, თამაშიდან უფრო მეტი ქულის აღებას ვახერხებდი, მესამეში კი უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდი”, განაცხადა კირილენკომ, ვისაც კარიერაში ტურის 5 ტურნირი აქვს მოგებული, მათგან ბოლო სეულში, 2008 წელს.
მერაბ ლორთქიფანიძე







