საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფიდან გასვლის შემდეგ მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა მასპინძელ ბოსნიასთან გამართა. გია კაზანჯიანის გუნდმა ტურნირზე ჯერაც დაუმარცხებელ მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.
ქართველებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და პირველ წუთებზე 7:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ანგარიშის გაბათილება და დაწინაურება მოახერხეს, თუმცა ქართველები მეტოქეს შორის არ უშვებდნენ და პირველი მეოთხედის შემდეგ – სამ, ხოლო დიდი შესვენებისთვის ორ ქულას აგებდნენ – 31:33.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და დაწინაურდა – 51:50. აქ კი ყველაფერი შეიცვალა. მსაჯებმა მასპინძლების სასარგებლოდ შეცდომებს უხშირეს, რაზეც ქართველების სამართლიან რეაქციას ტექნიკური ჯარიმები მოჰყვა. მესამე მეოთხედის ბოლო და მეოთხე პერიოდის საწყის წუთებში ბოსნიელებმა 18 უპასუხო ქულა ჩაუგდეს კაზანჯიანის გუნდს – 68:51 დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
ამ ავადსახსენებელ ეპიზოდს ისიც დაემთხვა, რომ ქართველთა ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგალაძე რომელსაც იმ დროისთვის ყველაზე მეტი ქულა (13) ჰქონდა მოგროვებული, 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა. საქართველო წასაგებად გაიწირა და საბოლოოდ, 63:75 (19:22, 12:11, 20:25, 12:17) დამარცხდა.
მიუხედავად ამ მარცხისა, ქართველ 16-წლამდელებს ნახევარფინალში გასვლის შანსი მაინც რჩებათ. საქმე ის გახლავთ, რომ F ჯგუფშივე დანიელებმა ჩეხებს მოულოდნელად იოლად 69:54 – სძლიეს. ამგვარად, თუკი ბოლო ტურში, რომელიც დღეს შედგება, ქართველებმა დანიელებს 9 ქულის სხვაობით მოუგეს, ხოლო ბოსნია-ჰერეცგოვინამ ჩეხებს აჯობა, კაზანჯიანის შეგირდები დანიელებს და ჩეხებს ბურთების სხვაობით აჯობებენ და მე-2 ადგილს დაიკავებენ.