ჩოგბურთი

16:01 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას წინსვლა და ქართველთა მიზღვავება თელავში

სოფო შაფათავას მორიგი სარეკორდო ნიშნული – ქართველი ჩოგბურთელი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა და 297 ქულით 190-ეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

სულ, კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონაა: 190 (195). სოფო შაფათავა – 297 ქულა; 335 (332). ეკატერინე გორგოძე – 118; 413 (381). ოქსანა კალაშნიკოვა – 86; 485 (489). სოფო ქვაცაბაია – 65; 630 (635). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 38; 860 (869). მარიამ ბოლქვაძე – 16; 1258 (1263). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა თელავში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირშია ჩართული, სოფო ქვაცაბაია კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ასევე 10-ათასიან ტურნირში ასპარეზობს.

სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყოთ. მე-8 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ უკრაინელი კატია მალიკოვა 6:1, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში რუს პოლინა მონოვას ეთამაშება.

თელავის პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში 2 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, წარმატებას ვერცერთმა მიაღწია. ანა ქადაგიძე რუსეთის სახელით მოთამაშე თამარა ფიჩხაძესთან დამარცხდა (0:6, 0:6), ხოლო თამარ სუმბაძე რუსვე სვეტლანა კლიუჩნიკოვას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 6:7 (2:7).

ძირითად ბადეში ანა ახალკაცმა მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ალიონა ფომინასთან 1:6, 0:6 წააგო, ლატავრა ანდრიაშვილი კი იტალიელ ჯიორჯია პინტოსთან დამარცხდა – 0:6, 1:6.

ტურნირში ქართველები მაინც მრავლად არიან დარჩენილნი. თამარ კუტუბიძე ჩინელ ჩაოი ჩენს გაეჯიბრება, მარიამ ბოლქვაძე – ლიტველ აგნე ჩეპელიტეს, თამარ ჭალაგანიძე – ბელგიელ ინდია მაგენს, ხოლო მედეა პეტრიაშვილი – რუს ანასტასია გროშევას.

წყვილებში ახალკაცი და პეტრიაშვილი რუსებს – დეგტიარევას და მანეკინას ეთამაშებიან, ანდრიაშვილი და სუმბაძე – რუს კალაბინას და მოლდოველ ვდოვენკოს, ქადაგიძე და ჩინელი ჩენი – კუტუბიძეს და რუს ბლიუხტეროვას, ჭალაგანიძე და რუსი დმიტრიევა კი – იტალიელებს კუჩას და პინტოს.

თელავშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირიც დაიწყო, რომლის საკვალიფიკაციო ბადეშიც ერთბაშად 11 ქართველი ჩაება, თუმცა, მიზანს მხოლოდ ორმა უწია.

მე-4 რეიტინგის მქონე მიხეილ ხმიადაშვილმა პოლონელ ბოგდან ჯუჯევიჩს (6:4, 6:4) და თანამემამულე დავით ჭელიძეს (6:0, 6:0) სძლია, რომელმაც პირველ რაუნდში რუსეთის სახელით მოასპარეზე ტარასი კიკალიშვილი დაჯაბნა – 6:4, 6:1.

გიორგი რევაზიშვილმა ძირითადი ბადის გზაზე ჯერ რუს ნარეკ ნიკოგოსიანს მოუგო – 6:7 (6:8), 6:2, 6:2, შემდეგ კი კიდევ ერთ ქართველ ირაკლი მეტრეველს – 2:6, 6:1, 7:5. ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში ამერიკელ კრის ბარნსს აჯობა – 5:7, 6:2, 6:1.

დემურ დავითაძემ ებრაელი რონ იძონის ძლევის (6:4, 3:6, 6:1) კვალად, რუს ევგენი ტიურნევთან 6:2, 0:6, 2:6 წააგო, გიორგი დათაშვილი რუს ალექსეი ფილენკოვთან 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა, ხოლო ნიკა დოლიძე რუს დანიილ მედვედევთან 5:7, 4:6 დაიჩაგრა.

დამარცხებულ მასპინძელთა სია ამით არ სრულდება. გიორგი მელითაურმა ბელარუს იაჰორ იაცუკთან წააგო – 3:6, 1:6, გიორგი ბუზალაძემ – ბრიტანელ ჯეკ ოსვალდთან – 2:6, 3:6, ალექსანდრე ანდღულაძემ – რუს ვარის იაგუდინთან – 0:6, 0:6, ხოლო კარენ სარკისიანმა – რუს რუსლან გალიმოვთან – 4:6, 1:6.

ძირითად ბადეში ხმიადაშვილი ისამ ტავეელს (სირია) ეთამაშება, რევაზიშვილი – ალექსანდერ იარკოვს (რუსეთი), გიორგი ჯავახიშვილი – რიკარდო სინიკროპის (იტალია), გიორგი ცივაძე – რიკარდო ბონადიოს (იტალია), ალექსანდრე მეტრეველი – ხსენებულ იაცუკს, ალექსანდრე ბაკშმა კი საკუთარი პირველი მატჩი უკვე გამართა და მე-3 ნომრად განთესილ უკრაინელ დმიტრო ბადანოვს 6:2, 6:2 სძლია.

წყვილთა ტურნირში ბაკში და ცივაძე იტალიელებს – ბონადიოს და მარფიას გაეჯიბრებიან, დოლიძე და ხმიადაშვილი თურქ ოზტუზუნს და გერმანელ პლატესს დაუპირისპირდებიან, დავითაძის და ჯავახიშვილის მეტოქეები ფრანგი დიეპი და რუსი მედვედევი იქნებიან, ხოლო კვერნაძე და ირაკლი მეტრეველი ძალებს იტალიელებთან – მოლინასთან და სინიკროპისთან მოსინჯავენ.

დასასრულ, ვაჟთა შორის საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილზეც ვთქვათ, რომელიც იტალიაში იმყოფება და კორტინას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) საწყის წრეში ესპანელ ინიგო სერვანტესს ეთამაშება.

წყვეილებში ბასილაშვილი და ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი ალდინ სეტკიჩი მე-4 რეიტინგის მქონე იტალიურ დუეტს (ჯიანესი-სტარაჩე) გაეჯიბრებიან.

ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზმა 7 პოზიცია დათმო და 238 ქულით 207-ე ადგილზეა, მის გარდა კი, კლასიფიკაციაში 3 ქართველი ჩოგბურთელია: 628 (613). ალექსანდრე მეტრეველი – 45 ქულა; 1037 (1036). გიორგი ცივაძე – 10; 1124 (1123). გიორგი ჯავახიშვილი – 8;

0.114959