ჩოგბურთი

14:30 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას “როლან გაროსის” ძირითად ბადემდე ერთი მოგება რჩება

 

ქართველ ჩოგბურთელ სოფო შაფათავას საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს.

“როლან გაროსის” კვალიფიკაციის მე-2 რაუნდში შაფათავა ფრანგ მირტილ გეორგესს დაუპირისპირდა და მეტოქე, რომელსაც რეიტინგში 295-ე ადგილი უკავია, 6:2, 6:4 დაამარცხა.

გასული მატჩი საათსა და ცამეტ წუთს გაგრძელდა და მართალია, სოფოს პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 49%-იანი მაჩვენებელი (30 61-დან) ჰქონდა, მისი უპირატესობა აშკარა გახლდათ.

ქართველმა ჩოგბურთელმა ერთბაშად 29 “ვინერსი” შეასრულა (ფრანგს ანალოგიურ გრაფაში 13 ეწერა) და 8-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ 2-ჯერ დათმო (5 ბრეიკიდან). ისიც სათქმელია, რომ ჩვენებურს საქმე გეორგესის 9 ორმაგმა შეცდომამ გაუადვილა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავას კლასიფიკაციაში 206-ე ადგილი უკავია, საფრანგეთის ღია პირველობაზე 2 თამაშის მოგების წყალობით კი, აქტივს უკვე 30 სარეიტინგო ქულა შემატა.

დასკვნით რაუნდში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ავსტრალიელი ოლივია როგოვსკა იქნება, რომლის ძლევის შემთხვევაშიც, სოფო 40 ქულას მიიღებს.

22 წლის როგოვსკას რეიტინგში 125-ე პოზიცია უკავია, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი 108-ე ადგილია. მიმდინარე “როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ბადეში იგი მე-16 ნომრად არის განთესილი და ტუნისელ ონს ჟაბერს და უკრაინელ ოლგა სავჩუკს ერთნაირი ანგარიშით – 6:2, 6:3 სძლია.

ცნობისთვის, ძირითად ბადეში პირდაპირ არის დაშვებული ანა ტატიშვილი, რომელიც აშშ-ს სახელით “დიდი სლემის” პირველ ტურნირზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112203