სოფო შაფათავამ საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვებით გახსნა. ქართველი ჩოგბურთელი “როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ბადის საწყის მატჩში მე-10 ნომრად განთესილ ალა კუდრიავცევას დაუპირისპირდა და ფავორიტად შერაცხული მეტოქე 3:6, 6:4, 6:2 დაამარცხა.
სოფომ ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან პირველი სეტი დათმო, თუმცა, შემდეგ თამაშში გარდატეხა შეიტანა და საათსა და 41 წუთში მატჩი სათავისოდ დაასრულა.
ცნობისთვის, კუდრიავცევა რეიტინგში 116-ე ადგილზეა და თავის დროზე მსოფლიოს 56-ე ჩოგანიც ყოფილა, შაფათავას კი კლასიფიკაციაში 206-ე საფეხური უკავია.
გასულ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს შესაბამის გრაფებში ხუთიანები მოუგროვდა), პირველ მოწოდებაზე 64%-იანი მაჩვენებელი (61 95-დან) ჰქონდა და 6-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 12 შესაძლებლობიდან მხოლოდ 4 ბრეიკი გაახერხა. ისიც სათქმელია, რომ დასკვნით სეტში სოფომ რვავე ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა...
შაფათავამ 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და წინსვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს, რადგანაც რეიტინგში მასზე უკან მყოფ ფრანგ მირტილ გეორგესს (295-ე) ხვდება. ამ უკანასკნელმა ჩეხ რენატა ვორაცოვასთან სამსაათიანი ჯახი გადაიტანა და მსოფლიოს 170-ე ჩოგანს 6:4, 5:7, 8:6 სძლია.
თუკი სოფომ გეორგესსაც აჯობა, აქტივს 30 ქულას შემატებს, ძირითადი ბადისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ ოლგა სავჩუკს და მე-16 ნომრად განთესილ ავსტრალიელ ოლივია როგოვსკას შორის უმჯობესს შეხვდება, სადაც უშანსოდ ასევე არ უნდა იყოს.