ჩოგბურთი

0:22 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ მერვედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა საფრანგეთის ქალაქ კროის-ბეაბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, შაფათავა ძირითად ბადეში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ოსეან დოდინს გაეჯიბრა და იოლად – 6:4, 6:1 იმარჯვა.

მერვედფინალში სოფოს მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი ტუნისელი ონს ჯაბეური იქნება, რომელმაც შვეიცარიელი ვიკტორია გოლუბიჩი 6:3, 5:7, 6:2 დაამარცხა.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხა მე-2 განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაიამ. ქართველმა გოგონამ გადამწყვეტი შეხვედრა ჰოლანდიელ ბიბიან შუფსთან 0:6, 2:6 დათმო.

ძირითად ბადეში პირდაპირაა დაშვებული ეკატერინე გორგოძე. მე-8 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სლოვაკ ჩანტალ სკამლოვას გაეჯიბრა.

წყვილებში მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ და ქვაცაბაიამ ყაზახ ჟუმამუხამბეტოვას და რუს შაიდულინას 6:3, 2:6, 10:8 სძლიეს და მეოთხედფინალში შვედებს (ალგურინი-ვულკანი) დაუპირისპირდებიან.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირზე პირველ ნომრად მიჩნეულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუს ალექსანდერ ვასილენკოსთან 6:3, 3:6, 4:6 წააგო.

წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილი და ბელარუს იაჰორ იაცუკი ძალებს – პირველი განთესვის მქონე ჩეხურ-ავსტრიულ დუეტთან (კონეჩნი-ნეუჩრისტი) მოსინჯავენ.

0.121801