ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა, რომელიც უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად საფრანგეთის ქალაქ გრენობლის 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო, Open GDF SUEZ de l'Isère-ის გამარჯვებული გახდა.
ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ კი 3 გამარჯვება იზეიმა. შაფათავამ და ვასილიევამ იტალიელ ალბერტა ბრიანტის და ფრანგ ირინა რამიალსონს 6:3, 6:3 სძლიეს, ნახევარფინალში მე-4 განთესვის მქონე იტალიელები – ჯულია გატო-მოტიკონე და ანასტასია გრიმალსკა 6:2, 6:1 დაამარცხეს, ხოლო ფინალში მე-3 ნომრად მიჩნეულ რუსულ-უკრაინულ ტანდემს (მარგარიტა გასპარიანი-კატერინა კოზლოვა) 6:1, 6:4 მოუგეს.
ცნობისთვის, შაფათავა გრენობლში მე-8 განთესვით ერთეულთა ტურნირშიც ირჯებოდა, თუმცა, “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოასპარეზე რუსი მარია მარფუტინას ძლევის (6:3, 6:1) კვალად, მერვედფინალში ხსენებულ იტალიელ გატო-მონტიკონესთან 6:3, 4:6, 4:6 დამარცხდა.
ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ. გორგოძე მე-2 ნომრად იყო განთესილი და რუმინელ გაბრიელა ტალაბას და ფრანგ ვიკტორია მუნტეანს, შესაბამისად, 6:1, 6:2 და 6:2, 6:4 სძლია, ხოლო მეოთხედფინალში გერმანელ ლისა პონომართან 0:6, 2:6 წააგო.
თავის მხრივ, ქვაცაბაიამ მე-6 ნომრად განთესილი ბულგარელი იულია სტამატოვა და გერმანელი კრისტინა შაკოვეცი 6:3, 6:0 და 7:5, 6:3 დაამარცხდა, მეოთხედფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე უკრაინელ ალიონა სოტნიკოვას ვეღარ გაუმკლავდა – 1:6, 0:6.
წყვილებში ქვაცაბაია და თურქი ესენ კოკჩე რუმინულ დუეტთან (ტალაბა-ტიგი) 6:4, 3:6, 4:10 დამარცხდნენ, გორგოძემ და რუმინელმა ბარამ (მე-3 განთესვა) ყაზახურ (გრინჩიშინა-კლუევა) და გერმანულ დუეტებს (მაეტშკე-შტემერი), შესაბამისად, 6:1, 6:3 და 6:4, 6:3 მოუგეს, ნახევარფინალში კი რუმინელ ანდრეისთან და ბელარუს პირაჟენკასთან 5:7, 5:7 დამარცხდნენ.