ჩოგბურთი

12:24 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ და ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

დღეს სტარტს აიღებს აშშ-ს ღია პირველობა ჩოგბურთში, რომლის საკვალიფიკაციო ბადეშიც 2 ქართველი სპორტსმენი ჩაებმება. სოფო შაფათავა ძალებს ქალთა ტურნირში სცდის, ვაჟებში კი საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ 134-ე “იუეს ოუფენის” საპრიზო ფონდი 18 102 000 დოლარია, ძირითადი ბადის მატჩები კი 25 აგვისტოდან დაიწყება. ტურნირს ტრადიციულად ბილი ჯინ კინგის სახელობის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი უმასპინძლებს.

შაფათავა საწყის რაუნდში 23-ე რეიტინგით მოთამაშე სლოვაკ კრისტინა კუჩოვას ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალებს ბულგარელ კოსტოვას და იტალიელ ბრიანტის მატჩში უმჯობესთან მოსინჯავს.

ცნობისთვის, შაფათავას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 192-ე ადგილი უკავია, კუჩოვა კი მას ზუსტად 60 პოზიციით უსწრებს ანუ მსოფლიოს 132-ე ჩოგანია. საკვალიფიკაციო მატჩები სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს, ქართულ-სლოვაკური დაპირისპირება კი მე-12 კორტზე მე-2 წყებაში შედგება.

გვიან ღამით მოუწევს თამაში ნიკოლოზ ბასილაშვილს. მისი და ბელარუსი ეგორ გერასიმოვის დაპირისპირება მე-14 კორტზე – ბოლო ანუ მე-5 წყებაშია გათვალისწინებული. ბასილაშვილს კლასიფიკაციაში 198-ე საფეხური უკავია, მის უკან კი სწორედ გერასიმოვი დგას.

მოკლედ, თანაბარი ძალის მეტოქეების შეხვედრაა, მათ შორის გამარჯვებული კი მე-17 რეიტინგის მქონე სლოვენიელ ალიაზ ბედენეს და შვეიცარიელი იან მარტის წყვილში უმჯობესს ეთამაშება.

0.103946