ვინაიდან უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩები მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგებსაც დიდი სლემის ტურნირის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. სამაგიეროდ, უკვე ვიცით ის ქვეყნები, სადაც ქართველი ჩოგბურთელები ამ კვირაში ითამაშებენ.
ყველაზე სოლიდურ შეჯიბრში სოფო შაფათავა ჩაებმება. გერმანულ ვერსმოლდში დაწყებული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. საკუთარი რეიტინგის წყალობით, შაფათავა “რეინერტ ოუფენ 2013”-ის ძირითად ბადეშია დაშვებული და მისი პირველი მეტოქის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
შარშან, ამ ტურნირში ქართველთაგან მაკა ჩახნაშვილმა ითამაშა (საწყის წრეში არგენტინელ მარია ირიგოენთან 6:4, 3:6, 3:6 წააგო), რომელიც ამჯერად პოლონეთში იმყოფება და ტორუნის 25-ათასიან ტურნირში ასევე ძირითადი ბადიდან ჩაებმება.
დასასრულ, ვაჟთა შორის საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილზე ვთქვათ, რომელიც კვლავ თურქეთში რჩება და ქაისერის 10-ათასიან ტურნირში მე-2 განთესვით ჩაებმება.