ჩოგბურთი

0:01 | 5.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა დუბლის შანსს ინარჩუნებს

სოფო შაფათავას წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი უდგას. უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მოთამაშე 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა თანამემამულე თათია მიქაძესთან ერთად, წყვილთა გათამაშება უკვე მოიგო, ერთეულთა პირველობაზე კი ფინალური მატჩი ჯერაც წინ აქვს.
მე-4 ნომრად განთესილმა ქართულმა დუეტმა უზბეკურ ტურნირში ოთხი გამარჯვება იზეიმა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოფომ და თათიამ პირველი რეიტინგის მქონე ინდონეზიურ ტანდემს (ბასუკი-რომპიესი) შანსი არ დაუტოვეს და 6:3, 6:3 იმარჯვეს.
ცნობისთვის, წყვილთა შორის, ეს სოფოს მეოთხე ტიტულია. 2006 წელს მან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს 10 ათასიან ტურნირზე თანამემამულე თეონა ცერცვაძესთან ერთად იმარჯვა, 2008 წელს, რუსულ პენზას 50 ათასიან პირველობაზე წარმატებას ყირგიზ ქსენია პალკინასთან დუეტში მიაღწია, შარშან კი, იტალიურ ბასანო-დელ-გრაპას 10 ათასიანი ტურნირში რუს მარინა შამაიკოსთან წყვილში გაჩემპიონდა. 
რაც შეეხება მიქაძეს, მას წყვილთა გათამაშებაში, აქამდე, ერთადერთი ტურნირი ჰქონდა მოგებული – 2004 წელს, თურქეთის ქალაქ სტამბულში მიქაძემ ქართველ ნანა უროტაძესთან ერთად 10-ათასიან გათამაშებაში იმარჯვა.
შაფათავას დუბლის შესრულების შანსი დღეს მიეცემა, როდესაც ერთეულთა ტურნირის ფინალში მე-2 ნომრად მიჩნეულ ბერძენ ეირინი გეორგატუს გაეჯიბრება. სოფომ ასპარეზობა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, ნახევარფინალში კი რუს ელენა კულიკოვას (მე-6 განთესვა), რომელთანაც კარიერის განმავლობაში ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა, 6:2, 4:6, 7:6 (7:4) სძლია.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შაფათავა გეორგატუს წლეულს გერმანიის ქალაქ ბიბერახში 50-ათასიან ტურნირზე გადაეყარა და 2:6, 4:6 წააგო, ამდენად, ახლა რევანში შანსი მიეცემა.
ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირის წყვილთა გათამაშებაში, რუს ელენა ბოვინასთან ერთად მე-2 ნომრად გახლდათ განთესილი.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართულ-რუსულმა დუეტმა ნახევარფინალში ჩეხურ-შვეიცარიულ წყვილს (კოლაროვა-პერინი) იოლად – 6:2, 6:0 სძლია, ნახევარფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე რუსულ ტანდემთან (პანოვა-პერვაკი) 6:3, 5:7, 8:10 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162804