ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია.
Seguros Bolivar Open-ის საწყის რაუნდში მე-7 ნომრად განთესილი შაფათავა ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრება და თუკი ეს ბარიერი დასძლია, მერვედფინალშიც კარგი შანსები უნდა ჰქონდეს, რადგანაც სამხრეთაფრიკელ სიმონდსს და ჩილელ კოხ-ბენვენუტოს შორის უმჯობესს ეთამაშება.
აქვე ვთქვათ, რომ ერთეულებში პირველი სამი განთესვა ავსტრიელ მაირ-ახლაიტნერს, ესპანელ არუაბარენას და შვედ ლარსონს გააჩნიათ, რომელსაც შესაძლოა, სოფო მეოთხედფინალში გადაეყაროს.
ქართველი ჩოგბურთელი ძალებს წყვილთა გათამაშებაშიც სცდის. პირველ წრეში შაფათავა და რუსი შამაიკო ტაივანელ ჰსუს და ხსენებულ კოსტოვას დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში სოფო 1 ადგილით დაწინაურდა და 291 ქულით 194-ე ადგილზე იმყოფება, მის გარდა კი, კლასიფიკაციაში 6 ქართველი გოგონა მოხვდა.
194 (195). სოფო შაფათავა – 291 ქულა; 337 (339). ეკატერინე გორგოძე – 118; 466 (412). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 496 (497). სოფო ქვაცაბაია – 62; 630 (630). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 38; 760 (856). მარიამ ბოლქვაძე – 23; 1263 (1260). თამარ ჭალაგანიძე – 3;
როგორც ხედავთ, ყველაზე დიდი პროგრესი მარიამ ბოლქვაძემ განიცადა, რომელსაც თელავურ ტურნირებზე წარმატებული თამაში დაუფასდა და ერთბაშად 96 ადგილი “მოიგო”.