ბათუმში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს სოფო შაფათავა. ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე 2 მატჩი მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მე-6 ნომრად განთესილმა შაფათავამ საწყის რაუნდებში გერმანელ მეტოქეებს აჯობა. სოფომ ჯერ კრისტინა შაკოვეცს სძლია – 6:3, 6:2, შემდეგ კი ანა ზაიასაც იოლად აჯობა – 6:2, 6:1. მეოთხედფინალში შაფათავას მეტოქე მე-3 ნომრად განთესილ რუს ხრომაჩევას და სერბ ერიჩს შორის უმჯობესი იქნება.
ცნობისთვის, ხსენებულმა ზაიამ პირველ წრეში მაკა ჩახნაშვილი 6:4, 7:5 დაამარცხა, სოფო ქვაცაბაიამ ბელარუს ილონა კრემენთან (მე-5 განთესვა) 2:6, 3:6 წააგო, ხოლო ეკატერინე გორგოძე რუს მარგარიტა ლაზარევას ვერ გაუმკლავდა – 6:4, 3:6, 3:6. სამივე ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში “უაილდ ქარდის” საშუალებით მოხვდა.
წყვილთა ტურნირში ქართული დუელი გველის მეოთხედფინალში – ჩახნაშვილი და ქვაცაბაია გორგოძეს და შაფათავას გაეჯიბრებიან.