ფრანგულ კროის-ბეაბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წარმატებულად ასპარეზობს ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა.
Open GDF Suez Seine et Marne-ს საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში მე-9 ნომრად განთესილმა შაფათავამ უნგრელი რეკა-ლუკა იანი 6:4, 6:4 დაამარცხა, შემდეგ იტალიელ ჯულია გატო-მოტიკონეს დაძაბულ ბრძოლაში 7:6 (7:4), 4:6, 6:3 მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლატვიელ დიანა მარცინკევიჩასაც (მე-3 განთესვა) აჯობა – 6:2, 6:4.
ძირითად ბადეში სოფოს მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი ოსეან დოდინი იქნება, ამდენად, ქართველ გოგონას წარმატებული სვლის გაგრელების კარგი შანსი აქვს.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და გერმანელი კრისტინა შაკოვეცი ფრანგებს – ჯული კოინს და პაულინ პარმენტიეს დაუპირისპირდნენ და 1:6, 4:6 წააგეს.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მორიგმა 10-ათასიანმა ტურნირმა. კვალიფიკაციაში მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ ფრანგ სოფი არნუტის 6:3, 6:3 სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იულია ტერზიისკას 6:2, 6:4 მოუგო. გადამწყვეტ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ჰოლანდიელ ბიბიან შუფს ეთამაშება.
პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული ეკატერინე გორგოძე, რომელსაც მე-8 რეიტინგი გააჩნია და საწყის რაუნდში ძალებს სლოვაკ ჩანტალ სკამლოვასთან მოსინჯავს. წყვილთა ტურნირში მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე და ქვაცაბაია ყაზახურ-რუსულ დუეტს (ჟუმამუხამბეტოვა-შაიდულინა) გაეჯიბრებიან.