ამ კვირაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირებს ქართველ გოგონათაგან მხოლოდ მანანა შაფაქიძე შემორჩა, დანარჩენებმა კი ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს.
სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგის 100-ათასიან ტურნირზე სლოვენიელ კლეპაჩთან ერთად მოასპარეზე ოქსანა კალაშნიკოვამ რუსულ-ბერძნულ (დიატჩენკო-გეორგატუ) წყვილთან 5:7, 2:6 წააგო და ფინალში თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა.
წარუმატებლობა შეემთხვათ მაკა ჩახნაშვილსა და სოფო შაფათავას, რომლებიც ქვეყნის ღირსებას ბელგიურ ტესენდერლოში მიმდინარე “რენერჯი ოუეფენზე” იცავდნენ. 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-5 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა გერმანელი ჯასტინ ოზგა 5:7, 6:4, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ ბიბიან შუფსთან 2:6, 5:7 წააგო.
ასევე ერთი წრის დაძლევა მოახერხა შაფათავამ. ალინა ვესელის ძლევის (6:1, 6:4) შემდეგ, სოფომ კიდევ ერთ გერმანელ ნიკოლა გეუერთან 1:6, 2:6 წააგო.
წყვილებში პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამა და იტალიელმა კლერიკომ გერმანელებს ოზგასა და ბარტელს აჯობეს (1:6, 7:5, 10:4), შემდეგ კი იტალიურ-ესპანურ ტანდემსაც (კამპოს-მოლინა/ოპრანდი) სძლიეს – 7:6 (7:5), 6:4, თუმცა, ნახევარფინალში მე-3 რეიტინგის მქონე პოლონურ-ფინურ წყვილთან (კიშჩინსკა-ლაინე) 3:6, 2:6 დამარცხდნენ.
ტესენდერლეში მე-4 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა და სერბმა იოვანოვიჩმა პირველ წრეში ბელგიურ დუეტს (ვან გეელი-ვილემსი) 6:1, 6:0 სძლიეს, მეოთხედფინალში კი ფრანგებთან (ბაკე-გეორგესი) 5:7, 6:7 (3:7) წააგეს.
ასპარეზობა დაასრულა სოფო ქვაცაბაიამაც, რომელმაც ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს 25-ათასიან ტურნირზე კვალიფიკაციიდან მერვედფინალში გასვლა მოახერხა, იქ კი მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ მატილდე იოჰანსონსთან ვერაფერი გააწყო – 1:6, 6:7 (3:7).
როგორც თავში აღვნიშნეთ, მიმდინარე კვირაში თამაშს მხოლოდ მანანა შაფაქიძე აგრძელებს. იგი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალშია გასული, სადაც მე-4 რეიტინგის მქონე ბრიტანელ ლისა უიბურნს დაუპირისპირდება.







