რაგბი

20:18 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაბათ-კვირას საჩემპიონო წყვილები გაირკვევა

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით ტურში, საბოლოოდ დაწყვილდება ის ექვსი გუნდი, რომლებიც “ბზის თასისთვის” ბრძოლას აგრძელებენ.

ერთი შეხედვით, ექვსეული თითქოს გარკვეულია და რეგულარული პირველობის მე-18-ე რაუნდს აზრი ეკარგება, მაგრამ ავსტრალიური პლეი ოფის პრინციპიდან გამომდინარე, მომავალ თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ტურში ორი ცენტრალური მატჩი გაიმართება და ორივეს შაბათს, 26 აპრილს, თბილისი უმასპინძლებს. ერთმანეთის პირისპირ, მოწინავე ოთხეულის გუნდები წარსდგებიან და ამით, ბევრი რამაა ნათქვამი.

სანამ მომავალ თამაშებს გადავხედავთ, გავიხსენოთ, რომ ავსტრალიური პლეი ოფის თანახმად, რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, პირველ ეტაპზე ისვენებენ და მომავალ კვირას, მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ხვდება. ამასთან, მესამე-მეოთხე ადგილოსნები მასპინძლის უფლებით სარგებლობენ და ზემოთნახსენებ ორ წყვილს შორის მოგებული, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო დამარცხებულები, პირველობისთვის და მედლებისთვის ბრძოლას ეთიშებიან.

პლეი ოფის მეორე ეტაპზე, პირველი წრის გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან და გამარჯვებული მცირე ფინალში თამაშის უფლებას იღებს, ხოლო დამარცხებული, მეოთხე ადგილით კმაყოფილდება. ამ ეტაპზე, პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ეთამაშებიან და გამარჯვებული ფინალში თამაშს იბევებს, ხოლო დამარცხებული იქ მოხვედრის შანსს ინარჩუნებს და მცირე ფინალში თამაშობს. პლეი ოფის ეტაპები 3, 10-11 და 17 მაისს იმართება, ხოლო ფინალი 24 მაისსაა დანიშნული.

ხვალ, “ავჭალაზე” ერთგვარი მცირე ფინალი შედგება. დედაქალაქურ დერბიში, ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე მყოფი “არმია” და “ლელო” ეთამაშება და მოგებული პირველ ადგილს, ანუ პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენებას და ფინალში გასვლის ორმაგ შანსს შეინარჩუნებს. ამ ეტაპზე, არმიელები მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნიან და პირველ ადგილზე არიან. პირველ წრეში, მათ “ლელო” 16:12 დაამარცხეს და შესაბამისად, პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც ჰყოფნით.

აღსანიშნავია, რომ შარშან ფინალში, ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები წარსდგნენ და მაშინ “ლელომ” 16:10 მოგებით, ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. “ლელომ” მცირედი ჩავარდნა გადალახა, ბოლო ორი თამაში მოიგო და ორკვირიანი სააღდგომო შესვენების შემდეგ, მომავალ თამაშს კარგ ხასიათზე შეხვდა. თავის მხრივ, კარგ ხასიათზეა “არმიაც”, რომელმაც სამი თამაში მოიგო და აქედან ბოლო ორი, ბოლო წამზე. პირველ ჯერზე, ქუთაისში “აიამ” ლელოს შემდეგ გარდასახვა ვერ გამოიყენა (9:8), ხოლო მეორე შემთხვევაში, ბოლნისში თბილისელებმა 40 მეტრიდან არეკნი გაიტანეს (16:15). გუნდებს დაუბრუნდნენ ახალგაზრდულ ნაკრებებში მივლინებული წევრები და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, მომავალ დაპირისპირებას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.

შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ზემოთნახსენებ წყვილში დამარცხებულმა გუნდმა, პლეი ოფში იგივე უფლებები მიიღოს, რაც გამარჯვებულმა და ეს, პარალელური მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. “შევარდენზე” თბილისის “ლოკომოტივი” ბოლნისის “ყოჩებს” მასპინძლობს და თუ დამარცხდა, მეტოქეებს ვეღარ დაეწევა. სამაგიეროდ, რკინიგზელებს, მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილი გარანტირებული ექნებათ და ეს, მათთვის დიდი მოტივაციაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თამაში დაძაბული იქნება, რადგან ამ თამაშის შედეგს, მნიშვნელობა “ყოჩებისთვისაც” აქვს. გამარჯვების, ან ფრის შემთხვევაში, ისინი მეოთხე ადგილს და შესაბამისად, ქუთაისის “აიას” საკუთარ მოედანზე მასპინძლობის უფლებას დაიბევებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვირის მატჩამდე ნერვიულობა მოუწევთ. არის მეორე მომენტიც, რომლის განხორციელებაც ბევრად უფრო რთულია. თუ ბოლნისელებმა მეტოქე პრემიალური ქულით დაამარცხეს, მაშინ მესამე ადგილამდე აღზევდებიან და “აიას” ნაცვლად, “ჯიქებთან” მოუწევთ დაპირისპირება.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის რუსთავში გამართული მატჩი დაძაბული იყო და “ლოკომოტივმა” 70-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით, 20:19 იმარჯვა. ბოლნისელებს დაწინაურების შანსი ჯარიმით მიეცათ, მაგრამ 3 ქულა ვერ აიღეს და მატჩიც მინიმალურად დათმეს. ამ თამაშის შემდეგ, “ყოჩებს” შვიდმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რომელიც ორი კვირის წინ “არმიამ” ბოლო წუთზე გატანილი არეკნით შეწყვიტა. ახლა კარგი სერია აქვს “ლოკომოტივს”, რომელმაც ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო და მისი გახანგრძლივებით, ორკვირიანი დასვენების გამოწერას ეცდება.

სამი თამაში კვირასაა და ისინი პარალელურ რეჟიმში - 16:30 საათზე დაიწყება. ერთი მათგანის შედეგზე გავლენას იქონიებს შაბათის მატჩები, რომლის შემდეგაც, გუნდს გათვლების საშუალება ექნება. ეს ქუთაისის “აიაა”, რომელსაც “ყოჩების” მარცხის შემთხვევაში, “აკადემიასთან” პრემიალური ქულით მოგება მართებს და პლეი ოფში “ყოჩებს” ქუთაისში დაუხვდება. საბრძოლველი “აკადემიასაც” აქვს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე, აუტსაიდერს მხოლოდ ქულით უსწრებს და პირდაპარ გასავარდნი მე-10-ე ადგილიდან თავის დაღწევა უნდა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში, აკადემიელებმა პრემიალური ქულის აღება შეძლეს და ქუთაისელებს მხოლოდ 17:23 დანებდნენ, მაგრამ ახლა თამაში ქუთაისში იმართება.

ამ ეტაპზე, ცხრილის ფსკერზე მყოფი “ბათუმი” თბილისში, უმოტივაციო “ჯიქებს” ხვდება. ეს გუნდი მეექვსე ადგილს თავს ვერ დააღწევს და არც დაქვეითება ემუქრება, შესაბამისად, მისთვის მომავალი მატჩის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს. პირველ წრეში “ჯიქებმა” ბათუმში 22:17 იმარჯვა.

უმოტივაციო “არმაზი” “შევარდენზე” მასპინძლობს რუსთავის “ხარებს”, რომელსაც ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ამჟამად, რუსთაველებს გასავარდნი ზონიდან 3, ხოლო გადათამაშებიდან 2 ქულა აშორებს, მაგრამ თამაშის თვალყურის დევნება პარალელური მატჩების მსვლელობაზეც მოუწევს. პირველ წრეში “ხარები” “არმაზთან” 10:12 დამარცხდა.

 

 საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XVIII ტური (ბოლო)

26 აპრილი

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი

არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)

27 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 16:30 საათი

აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი

ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

 

1      არმია                                                     17           12           1           4           435-258           59          
2 ლელო 17 12 0 5 466-222 59
3 ლოკომოტივი 17 13 0 4 387-296 57
4 ყოჩები 17 11 1 5 371-291 52
5 აია 17 10 0 7 349-240 48
6 ჯიქები 17 8 2 7 302-257 43
7 არმაზი 17 8 0 9 281-400 35
8 ხარები 17 4 0 13 214-404 19
9 აკადემია 17 2 0 15 236-390 17
10 ბათუმი 17 3 0 14 257-540 16

 

3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი

III ადგილი - VI ადგილი

IV ადგილი - V ადგილი

0.122284