ბრემენის “ვერდერი” ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონს მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაამთავრებს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 52 წლის სპეციალისტმა ტომას შააფმა თანამდებობა უკვე დატოვა. მხარეებმა საბოლოო გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. მიზეზი კი, რა თქმა უნდა, “ვერდერის” ბოლოდროინდელი წარუმატებლობაა – ბრემენელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრეღა გაინაღდეს.
შააფი “ვერდერში” 1978-1995 წლებში თამაშობდა. მას მერე, რაც აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა, კლუბთან თანამშრომლობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა – 1995-1999 წლებში ახალგაზრდულ გუნდში იმუშავა, 1999 წლიდან დღემდე კი მთავარ გუნდს ედგა სათავეში.
აქედანვე გარკვეულია, რომ ბოლო ტურში “ნიურნბერგის” წინააღმდეგ სათამაშოდ “ვერდერს” მწვრთნელთა დუეტი გაიყვანს მოედანზე: ვოლფგანგ როლფი და მატიას ჰიონერბახი.