ფეხბურთი

20:39 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” მშვიდად მოიგო

ზემოიმერულ დერბის საჩხერის “ჩიხურასა” და “ზესტაფონს” შორის ქუთაისმა უმასპინძლა. მთელი დღე გადაუღებლივ წვიმდა იმერთა მთავარ ქალაქში, მაგრამ თამაშამდე საათით ადრე წვიმა შეწყდა და ფეხბურთელებს მშვენიერ გარემოში მოუხდათ ასპარეზობა.

მიმდინარე ეროვნული გუნდებმა განსხვავებულად დაიწყეს. სამი ტურის შემდეგ საჩხერლებმა 6 ქულა დააგროვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ქულები “ჩიხურას” ფეხბურთელებმა გასვლით შეხვედრებში მოიპოვეს. საშინაო მატჩი კი მათ ქუთაისში წააგეს რუსთავის “მეტალურგთან”. რაც შეეხება ქვეყნის ორგზის ჩემპიონ “ზესტაფონს”, ამ თამაშამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული. ეს ქულა ფეროელებმა რუსთავში აიღეს. დანარჩენ ორ პაექრობაში კი, ისინი სტუმრად თბილისის “დინამოსთან” და შინ ქუთაისის “ტორპედოსთან” დამარცხდნენ.

მატჩი საშუალო ტემპში დაიწყო და ნომინალურმა მასპინძლებმა, საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება. მე-7 წუთზე საჩხერელთა სწრაფი კონტრშეტევა ბეჭვაიამ წამოიწყო, რომელმაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე დეკანოიძეს უპასა, ამან კი გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გამოზომილი გადაცემა გააკეთა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, სადაც მახვილგონივრულად ითამაშა წინამძღვრიშვილმა - ბურთი გაატარა და თან ორი მეურვეც გაიყოლა. რატის ამ ქმედებით ისარგებლა ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი დათუნაიშვილმა, რომელმაც შეუჩერებლივ დაარტყა და კვასხვაძეს მიზერული შანსიც კი არ დაუტოვა - 1:0.

გოლის გასვლის შემდეგ დაახლობით 15 წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ კომბინაციური ფეხბურთის ჩვენებას, მაგრამ არაფერი გამოდიოდათ. რამდენჯერმე შეეძლოთ მოწინააღმდეგეებს საბოლოო დარტყმამდე საქმის მიყვანა, მაგრამ ვერ მოახერხეს.

სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ირაკლი ქობალიამ ითამაშა კარგად მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, ორი მეურვე ჩამოიშორა და ცაციათი ძლიერად დაჰკრა. ბურთი ხელებში შეკავება თევდორაძემ ვერ მოახერხა, მაგრამ საჩხერელთა იღბლად, ბურთი კუთხურზე გადავარდა.

საპასუხო შეტევაში უკვე წინამძღვრიშვილს მართებდა გატანა, როდესაც ბეჭვაიას პასის შემდეგ შემობრუნებით ურტყამდა, მაგრამ რატის მცდელობა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. 28-ე წუთზე ზესტაფონელებმა ჯარიმა გაითამაშეს და დაახლოებით 35 მეტრიდან რენე ფერეირამ ძლიერად დაარტყა. თევდორაძემ ბურთს ხელი წაარტყა და საჩხერელთა კიპერს ამჯერად მშველელად მარჯვენა ძელი მოევლინა. დამატებაზე ფეროელთაგან ვერავინ იყოჩაღა.

ტაიმის დასკვნითი ნაწილი მეტად უფერული სანახავი გამოდგა. გუნდებმა დროის ამ მონაკვეთში ვერცერთი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლეს. ზესტაფონელთა თავკაცმა რატკო დოსტანიჩმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე სანდრო გურული გამოიყვანა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ფეროელთა რიგებში.

ერთ მომენტში ზესტაფონელები წესების დარღვევის დაფიქსირებას ითხოვდნენ, როდესაც სამუშია წააქციეს საჩხერელთა საჯარიმოს მისადგომებთან, თუმცა შეხვედრის არბიტრმა სიტუაცია სხვაგვარად განსაჯა და თამაში არ შეუჩერებია.

მეორე ტაიმი ისევ საშუალო ტემპში განახლდა, ოღონდ ამჯერად ტერიტორიულ უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ. მართალია, სტუმრებს ბურთი უფრო მეტად ეჭირათ ვიდრე საჩხერლებს, მაგრამ რეალური ხიფათის შექმნა მეტოქის კართან მათ ვერ მოახერხეს.

მეორე ნახევრის სადებიუტო წუთებში აჯურუს მიეცა ხელსაყრელი დასარტყმელი პოზიცია, მაგრამ ნიგერიელს ბურთი ფეხზე აეჭრა და ხიფათიც განიმუხტა.

საჩხერელთა დამრიგებელმა სოსო ფრუიძემ მოედანზე სიტუაციის შესაცვლელად ჯიღაური შეუშვა. ამ ცვლილებამ მაინცდამაინც დიდი შედეგი ვერ გამოიღო. ბურთს ძირითადად ისევ ზესტაფონელები ფლობდნენ, მაგრამ მათი მხრიდან სახიფათო მომენტები მაინც არ იქმნებოდა.

თამაში შედარებით გამოცოცხლდა 67-ე წუთიდან, როდესაც აჯურუს ჩაწოდების შემდეგ ქობალია ურტყამდა თავურს, მაგრამ ბურთი მცირედით გადაცდა ხარიხას. მალე კი გურულმა სწრაფი კონტრიერიშისას მოხდენილი გადაცემით ადამია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ. გიორგი ოდნავ მახვილი კუთხიდან უტევდა მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ რევაზ თევდორაძემ კარი დროულად დატოვა, ფორვარდს დარტყმის კუთხე შეუმცირა და ადამიას დარტყმულ ბურთს წინსვლის საშუალება არ მისცა.

75-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენილი ზესტაფონელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მეორე ყვითელი ბარათი უხეშობისათვის ჭანტურიშვილმა დაიმსახურა და ხორავამ ზესტაფონელთა ნახევარმცველი გააძევა. საერთო სათამაშო სურათზე არც ამ ფაქტს უმოქმედია. სტუმრები ისევ ცდილობდნენ შეტევების ორგანიზებას, მაგრამ მათ საქმე საბოლო დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ.

85-ე წუთზე, მეორე ტაიმში პირველი სერიოზული შეტევა განახორციელეს საჩხერლებმა. შეტევის მარცხენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა მოედანზე ახლადშესული ჩიკვაიძე, რომელმაც ორი მეურვე ჩამოიშორა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და გადაცემა გაუკეთა საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან მდგომ ოდიკაძეს, რომელმაც მარჯვენათი შეუჩერებლივ დაჰკრა, მაგრამ არაზუსტად.

წესით “ზესტაფონს” შეხვედრის ეპილოგში შტურმი უნდა მოეწყო მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ ამის მსგავსი მოედანზე არაფერი მომხდარა. არც არბიტრის მიერ დამატებულ ოთხ წუთში მომხდარა რაიმე საინტერესო. შესაბამისად, “ჩიხურამ” მშვიდად მიიყვანა მატჩი სასურველ შედეგამდე და სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში.     

რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”): “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ანგარიშშიც ჩამოვრჩით. მეორე ტაიმში შევეცადეთ მატჩის ბედის შემოტრიალებას, მაგრამ დაცვაში ჩამჯდარ მეტქეს ვერაფერი მოვუხერხეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ფეხბურთელების ნაწილს საკუთარი თავის რწმენა აკლია. მე უფრო მჯერა მათი, ვიდრე მათ საკუთარი შესაძლებლობებისა. თანაც ჩვენი ფეხბურთელები არათანაბრად არიან მომზადებულები, ვინაიდან იცით, გვიან მოგვიწია შეკრების დაწყება. მომავალში შევეცდებით არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ”.

“ჩიხურა” - “ზესტაფონი” 1:0 (1:0)

1 სექტემბერი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 300 მაყურებელი

“ჩიხურა”: თევდორაძე, ლაშა ჭელიძე, ქიმაძე (ლომაშვილი, 69), გაბედავა, წინამძღვრიშვილი, გიორგი დათუნაიშვილი (ჯიღაური, 59), ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე (ჩიკვაიძე, 81), გიორგი რეხვიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, კანდელაკი, თედორე გრიგალაშვილი, შარიქაძე (სანდრო გურული, 37), აჯურუ, სამუშია (კუტალია, 45), ჭანტურიშვილი, ადამია (ლომია, 81), ქობალია.

მთავარი მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი

გოლები: 1:0 დათუნაიშვილი (7),

გაფრთხილება: ჭელიძე (31), ოდიკაძე (45), ჭანტურიშვილი (60), ჭანტურიშვილი (75).

გაძევება: ჭანტურიშვილი (75). 

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)

 

დღევანდელი ტურის შედეგები

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დავით ბოლქვაძე (20), 2:0, 3:0 ირაკლი მოდებაძე (32, 73)

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი” 19)

სპარტაკი (ცხინვალი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი ხიდაშელი (76)

 

1.                                         4         3         0         1        8:4         9      
2. 4 2 1 1 6:2 7
3. 3 2 1 0 6:2 7
4. 3 2 1 0 5:3 7
5. 4 2 0 2 6:4 6
6. მერანი 4 2 0 2 4:5 6
7. მეტალურგი 4 1 2 1 4:6 5
8. დინამო თბილისი 2 1 1 0 3:2 4
9. ზუგდიდი 4 1 1 2 3:6 4
10. გურია 3 1 0 2 1:5 3
11. ზესტაფონი 4 0 1 3 3:6 1
12. სპარტაკი 3 0 0 3 1:5 0

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან


0.319255