საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნავთობკომპანია “სოკარმა” გუშინ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ეს ამბავი, ისეთ მოვლენათა კატეგორიას მიეკუთვნება, ქართული ფეხბურთის ქომაგს უეჭველად რომ გაგახარებს და შესაბამისად, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციის მიღებას რომ მოგაწყურებს, მაგრამ...
დიდი ბოდიშის მოხდით – გაზეთი “მსოფლიო სპორტი”, ქვემოთ მოყვანილი უმწირესი ინფორმაციის გარდა, ვერანაირად მოგიკლავთ წყურვილს, რადგან, უბრალოდ რომ ვთქვათ, ამ, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან მოვლენაზე, არ მიგვიპატიჟეს – ანუ არაფერი შეგვატყობინეს.
იმედს ვიტოვებთ, რომ “ქართული ფეხბურთის სახლიდან” პრესის მუშაკთა მიმართ, მომავალში, უფრო მეტ ყურადღებასა და პატივისცემას გამოიჩენენ. ხაზს ვუსვამთ – პრესის მუშაკთა მიმართ, რადგან ტელევიზიის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, ინფორმირებულნიც კარგად იყვნენ და მათი მიპატიჟებაც საგანგებოდ მოხდა.
ტელევიზიების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ პრესის დაჩაგვრაზე შეგუებას, ვიღაცის ან რაღაცის გამო, ნამდვილად არ ვაპირებთ. მით უმეტეს, რომ საქმეში ჩახედულმა ხალხმა კარგად იცის – სპორტული სიახლეების, ყველაზე ცოტა 80 პროცენტის გაჟღერებას მაინც, საქართველოში პრესა ასწრებს ტელევიზიას (აღარაფერს ვამბობთ, თემების განვრცობასა და ინფორმაციის მოცულობაზე) და სულ ცოტა, საკუთარი (ანუ ფეხბურთის ფედერაციის) საქმიანობის საზიანოდ შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც გუშინ მოხდა...
რაც შეეხება სფფ-”სოკარის” თანამშრომლობას, როგორც გუშინ გვიან ღამით ფედერაციის წარმომადგენელმა თათია ბურდულმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა (თუნდაც ამ მცირე ინფორმაციისთვის, პირადად თათიას დიდი მადლობა ჩვენგან), ნავთობკომპანიამ, როგორც 2011-ში, ისე ყოველ მომდევნო წელს, უეფას სტანდარტების მიხედვით ორ-ორი მოედნის გაკეთება აიღო საკუთარ თავზე. თუმცა, ყოველივე ის, თუ რამდენი წლით გაფორმდა ხელშეკრულება და რა კონკრეტულ დეტალებს შეიცავს იგი, დღეს გახდებაო ცნობილი...
ჰოდა, ალბათ, დღეს მაინც მიეცემათ ჩვენი რედაქციის წარმომადგენლებს ინფორმაციის ნორმალურად მიღების საშუალება...
დათო ბაკურაძე