ფეხბურთი

19:24 | 26.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს პრეზიდენტის “თავის მართლება”

კვიპროსიდან დაბრუნებული სფფ-ის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ბევრი ერთ-ერთი ტელეარხის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბარს ელოდა. მოგეხსენებათ, მავანმა გადაწყვიტა, რომ ეროვნულ ნაკრებს სასწრაფო რეანიმაცია, კერძოდ კი, ვეტერანი ფეხბურთელებისგან “გათავისუფლება” და ახალი თაობისთვის გზის დათმობა სჭირდება. სიმართლე გითხრათ, იმდენად უადგილო და უდროო იყო ასეთი “პროპაგანდის” წარმართვა, მთლად მტრის ხატი რომ გვყოლოდა ფედერაციისაგან წარმოსახული, ამჟამად მხოლოდ მისი მხარე უნდა დაგვეჭირა.
საქმე ის გახლავთ, რომ ნახსენებ სიუჟეტში ე.წ. “კამპანიის” წამომწყებად სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა იყო დასახელებული, რომელმაც კვიპროსული საქმიანი შეხვედრების პერიპეტიებზე საუბრისას, ნახსენებ თემაზეც გამოთქვა მოსაზრება.
“თაობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს, მაგრამ რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა პრესაში, დივერსიაა და მეტი არაფერი. გეკითხებით, ფედერაციის რომელმა თანამშრომელმა, ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი მიდის ნაკრებიდან? ერთადერთი, რაც ითქვა თემურ ქეცბაიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისას, ის იყო, რომ მას ფედერაციამ გაუფორმა 4-წლიანი კონტრაქტი იმისთვის, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამოეყენებინა 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.
ჩანს აქედან, რომ ვინმეს კონკრეტული გვარი დასახელდა? რატომ აცხადებთ გვარებს მაშინ, როცა 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს აქვს ამ ციკლის ბოლო მატჩი საბერძნეთთან? თან, სატელეფონო ჩართვა გაქვთ ფეხბურთელთან, რომელიც ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და ეუბნებით - იცი რა, შენ უნდა წახვიდე ნაკრებიდან. საიდან მოიტანეთ ეს გვარები? იმის ნაცვლად, რომ მაღალი კლასის შემორჩენილ 5-6 ფეხბურთელს პირიქით, მოვუფრთხილდეთ, იქეთ ვაჯავრებთ, რომ რაღაც სკანდალი გავაკეთოთ?
მე თუ შუშანიკი ვახსენე ერთხელ და დამცინიან ტელევიზიები, ეს შეცდომით კი არ მომსვლია. შეგნებულად ვთქვი მაშინ, რომ რა ფეხბურთსაც XX საუკუნეში თამაშობს გუნდი, იგივეს აკეთებს XXI საუკუნეშიც-მეთქი და არ მინდა, რომ XXII-შიც იგივე გააკეთოს. ამის თქმა კი, იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები უნდა შეიცვალონ - საჭიროა თამაშის სტილის, მანერის შეცვლა, რასაც ახალი თაობის ავტომატურად ჩანაცვლება მოჰყვება.
მე რომ არ ვთქვა, თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ფეხბურთში - 20-21-წლიანების შემდეგ 30-წლიანები მოდიან? ხომ ხედავთ, რომ შუალედი დაკარგულია? თუმცა, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩვენ ამ შუალედური ასაკის ნორმალური ფეხბურთელები არ გვყავს. რა ვქნათ, არ ვეძებოთ ისინი? მაგრამ ეს ძიება არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ვეტერანზე საქართველოს ნაკრები უარს იტყვის”, - ასეთი იყო ზვიად სიჭინავას მონოლოგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მიხეილ მესხზე” გამართული პრესკონფერენციისას.

 

ფრიდონ კერვალიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140286