ფეხბურთი

10:41 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-მ ვახტანგ წერეთელი ოფიციალურად აღიარა საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად

ქართული ფუტსალის სამყაროში ორხელისუფლებიანობა დასრულდა. ფეხბურთის ფედერაციის იურიდიულმა განყოფილებამ დაადასტურა, რომ ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელია. მოგეხსენებათ, 15 დეკემბერს სფა-ს საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა, რომელზედაც 4 წლის ვადით ახალ პრეზიდენტად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს. ერთ კვირაში კი ასოციაციის ყრილობა იმ ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ყრილობამ ცქიტიშვილი კვლავ აირჩია პრეზიდენტად. ასე რომ, ერთდროულად ორი პრეზიდენტი გვყავდა. და აი, სფფ-ის იურიდიული განყოფილების უფროსმა კესო ჩხიკვაძემ, ფედერაციის სახელით, სფა-ს პრეზიდენტ ვახტანგ წერეთელს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო რამდენიმე თვეში ფუტსალის ასოციაციაში განვითარებული შიდა დაპირისპირების გამო, რომელიც ხელს უშლიდა და დამაბრკოლებელ გარემოს წარმოადგენდა ფუტსალის ფუნქციონირებისათვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა ორგანომ, ფუტსალის ასოციაციაზე, როგორც ფედერაციის წევრ ორგანიზაციაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ფუტსალის ასოციაციის ფეხბურთის ფედერაციის წევრობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ასევე მოითხოვა ასოციაციისგან სპორტული და იურიდიული საკითხების მოგვარება.

დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა ფუტსალის ასოციაციამ 2013 წლის ბოლოს ჩაატარა რიგგარეშე არჩევნები და როგორც ამას საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი (B14000845 ს.კ. 202207290) ადასტურებს, ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულია ვახტანგ წერეთელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული განყოფილება მოგმართავთ თხოვნით: უმოკლეს დროში წარმოადგინოთ ფუტსალის განვითარების პროგრამა, შიდა პრობლემების დაძლევის გეგმები და ფუტსალის წესდების ახალი ვარიანტი, რომელიც აკმაყოფილებს სფფ, ფიფას და უეფას სტანდარტებს. გთხოვთ, დროულად მოგვაწოდოთ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები, რომ იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს თქვენს მიერ ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების ანგარიში”.

 

0.126621