ჭიდაობა

19:44 | 27.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის ბოლო უცხოური მედლები

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დელანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 5 მედლით ჩაამთავრა. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 25 ნოემბერს მუხრან მაჭუტაძისა (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (84 კგ) მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედლებს 26-ში თავისი წილი ვერცხლები ქემალ ხარაბაძემ (60 კგ) და სანდრო დიხამინჯიამ (96 კგ) მიამატეს, ხოლო ირაკლი ქაჯაია (96 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნიცაში ჩატარებული ტურნირი მონაწილეთა სიუხვით ვერ გამოირჩეოდა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში – 55, 84 და 120 კილოგრამებში სულაც ოთხ-ოთხი მოჭიდავე მოგროვდა. ყველაზე მეტად სატურნირო ბადე 74 კილოგრამში შეივსო, სადაც ხალიჩაზე ათი სპორტსმენი გავიდა. ამ წონაში საქმეში გენადი გოგიშვილი და ზურაბ დათუნაშვილიც ჩაერთნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ. გოგიშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო დათუნაშვილმა – მე-7.
საფრანგეთში ქართული გუნდი ოთარ ტატიშვილმა ჩაიყვანა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ძირითად შემადგენლობასთან ერთად ნიცას ტურნირის მიმდინარეობისას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფებოდა, სადაც 26 ნოემბერს ოლეგ კარავაევის სახელობის ტრადიციული გუნდური ტურნირი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ფრანგულ-ბელარუსული შეჯიბრებებით ქართველმა კლასიკოსებმა საერთაშორისო სეზონი დაასრულეს. შიდა ასპარეზზე კი დასკვნით ტურნირს – საქართველოს ჩემპიონატს 23-25 დეკემბერს ჩაატარებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168587