სხვა

20:29 | 11.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

„სეუ“ “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის“ ჩემპიონია

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ფუტსალში, „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის“  სტუდენტური ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში, დღეს გამართული ლიგის ფინალურ მატჩში, „სეუ”-მ „თსუ“ 3:2 დაამარცხა. მე-3 ადგილზე კი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გავიდა. გამარჯვებული გუნდის ბაზაზე საუნივერსიტეტო ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ზაფხულში, მსოფლიოსა და ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში იასპარეზებს.
ფინალურ შეხვედრას "რომპეტროლ-საქართველოს" გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ალბინი და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ნიკოლოზ ამაშუკელი ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
„ფინალური მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გოლები "სეუ"-ს მხრიდან შოთა თოფურიამ და ამირან ცხომარიამ გაიტანეს, "თსუ"-ს შემადგენლობაში კი თავი ირაკლი თოდუამ და კახა მაისაიამ გამოიჩინეს. გამარჯვების გოლის გატანა "სეუ"-ს ფეხბურთელებმა მე-2 ტაიმის მიწურულს შეძლეს, როდესაც მეტოქის კარი ცოტნე ცერცვაძემ აიღო - 3:2.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "სეუ"-ს წევრი, ამირან ცხომარია დასახელდა, საუკთესო მეკარედ კი -  "სტუ"-ს კარის დარაჯი, ლაშა წამალაშვილი.
ფინალურ მატჩამდე, მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში "სტუ"-მ "საქართველოს უნივერსიტეტი" 5:4 დაამარცხა“ – განაცხადა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ამაშუკელმა.
„რომპეტროლ საქართველოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია განსაკუთრებულად გულშემატკივრობს ახალგაზრდული სპორტის განვითარებას, ვინაიდან ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.   
„რომპეტროლი“ საუნივერსიტეტო სპორტს ერთადერთი მოტივით სპონსორობს - წაახალისოს ახალგაზრდა სპორტსმენები და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დაეხმაროს. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა მხარი დავუჭიროთ  საუნივერსიტეტო სპორტში გაერთაინებულ ორმოცზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის  გუნდებს.  ჩვენი პრიორიტეტი მუდამ იყო საქართველოში სხვადასხვა სპორტის განვითარება, უმთავრესი კი, დამწყები სპორტსმენების ხელშეწყობაა“ – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ალბინი.   
ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი „რომპეტროლ საქართველოსა“ და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, „რომპეტროლი“ 2010-11 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში, ყველა შეჯიბრი „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის“ სახელს ატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089239