კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კიდევ ერთხელ გამოუტყდა საკუთარ კლუბს სიყვარულსა და ერთგულებაში.
ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ 26 წლის ფეხბურთელის ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერზე, მაგრამ ესპანურ ტელევიზიასთან საუბარში სესკმა ამის ალბათობა გამორიცხა.
“არასდროს მითქვამს წასვლა მინდათქო. უფრო მეტიც, ამის ალბათობა არასდროს განმიხილავს არც კლუბის პრეზიდენტთან და არც მწვრთნელთან. ჩემი ოცნებაა, რომ წარმატებას სწორედ აქ მივაღწიო. სიხარულით გავაგრძელებ “ბარსელონას” მაისურით გამოსვლას. ვამაყობ ამ კლუბის ნაწილი რომ ვარ” - თქვა ფაბრეგასმა.
კატალონიური კლუბის აღზრდილმა ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი ლონდონის “არსენალში” გაატარა და მშობლიურ გუნდს 2011 წელს დაუბრუნდა. პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 32 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა.