“სამპდორიას” მეკარე სერხიო რომერომ, კატეგორიულად უარყო იტალიური სპორტული გამოცემების მიერ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი შეძენით დაინტერესებულმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ტრანსფერის სურვილი მას შემდეგ დაკარგა, რაც რომერომ ზედმეტად მაღალი ანაზღაურება მოითხოვა. არგენტინელმა მეკარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფინანსური დეტალები არაფერ შუაში ყოფილა.
“ორი-სამი ვარიანტი მქონდა, მაგრამ არც ერთი გამოვიდა – ციტირებს Sky Sports რომეროს სიტყვებს – რამდენიმე გამოცემამ დაწერა, თითქოს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბენფიკა” ჩემი არანორმალური ფინანსური მოთხოვნებით დავაფრთხე. ვწუხვარ, რომ ასეთი ჭორები გავრცელდა. ტოპ-კლასის გუნდში გადასვლის შანსს ასე უაზროდ არ გავანიავებ. თუმცა, სატრანსფერო სეზონი უკვე უკანაა და მზად ვარ, “სამპდორიაში” მაქსიმალურად დავიხარჯო”.