ფეხბურთი

12:25 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “სეზონის გამარჯვებით დაწყება გვსურდა”

სუპერთასის გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი სერხიო რამოსმაც გააკეთა და “რეალისთვის” აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ესპანელის კომენტარს უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.

რამოსმა გუშინდელ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

“ასეთ შეხვედრებში გამარჯვებას მარტივად ვერ მოიპოვებ. “სევილიასთან” თამაში ყოველთვის რთულია. ამ გუნდს ჩემპიონატიდან კარგად ვიცნობთ, მაგრამ ამ მატჩს ჩემპიონატისას ვერ შეადარებ. ჩვენ მზად ვიყავით და სეზონის დაწყება გამარჯვებით გვსურდა. თამაშით, ისევე, როგორც მისი შედეგით, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ეს “რეალისთვის” მნიშვნელოვანი დღეა. სუპერთასი 2002 წლის შემდეგ პირველად მოვიპოვეთ და ეს ყველაფერი გუნდის ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს.

გასული სეზონი ზღაპრული იყო, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ვალდებულები ვართ, ჩემპიონთა ლიგა მომავალ წელსაც მოვიგოთ. ძალიან ამბიციური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო, რათა კვლავ გავიმარჯვო.

როდესაც ასეთ გუნდში თამაშობ, ზეწოლას მუდმივად განიცდი. თუმცა, ეს ყველაფერი დამატებით ენერგიასა და მოტივაციას მაძლევს. თუ თამაში წაგვივიდა, “რეალს” ვერავინ შეაჩერებს.” – განაცხადა სერხიომ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ერთადერთი ტურნირია, რომელიც რამოსს არ მოუგია და თუ ზამთარში “რეალი” აღნიშნულ ტიტულს მოიპოვებს, სერხიოს ყველა ოფიციალური საკლუბო ტურნირი ექნება მოგებული, რომელზეც უთამაშია.

ცნობისათვის, ამ ფორმაციის “რეალში” ასეთი მხოლოდ იკერ კასილასია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული.

ლევან გოგოტიშვილი

0.115888