სერენა უილიამსმა კარიერის განმავლობაში მეოთხედ მოიგო WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი. სტამბოლში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში უილიამს-უმცროსმა ჩინელ ნა ლის 2:6, 6:3, 6:0 მოუგო.
თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქის ტურნირის გადამწყვეტმა მატჩმა 2 საათსა და 9 წუთს გასტანა, რომლის განმავლობაშიც სერენამ 6 ეისი და 5 ბრეიკი შეასრულა. დღევანდელ ფინალს 16457 მაყურებელი დაესწრო, სულ კი წლევანდელ ტურნირს უშუალოდ ტრიბუნიდან თვალი ჩოგბურთის 69983 გულშემატკივარმა მიადევნა.
“განსაკუთრებულ გრძნობას განვიცდი. მადლობას ვუხდი დედას, მწვრთნელს და მთლიანად ჩემ გუნდს. ასევე სამადლობელი სიტყვებით მსურს მოვიხსენიო მამა, რომელიც ტელევიზიის მეშვეობით ადევნებდა თვალს ჩემ თამაშს და მქომაგობდა. ფინალში ბრწყინვალე თამაში აჩვენა ნა ლიმ და მას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ”, - გადამწყვეტი მატჩის შემდეგ გახარებული სერენა ყველას მადლიერებით იხსენებდა.







