ჩოგბურთი

13:48 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ მაიამიში მეშვიდედ იმარჯვა

ქალთა შორის მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები სერენა უილიამსი და ნა ლი ერთმანეთს მაიამის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 427 105 დოლარი) ფინალში დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ისევ ამერიკელს დარჩა.

უმცროსმა უილიამსმა და ჩინელი ჩოგბურთელმა უკვე მეთორმეტედ ითამაშეს და სერენამ მეთერთმეტედ იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ უილიამსი პირველ სეტში 2:5 მარცხდებოდა, მობილიზება შესძლო და აღნიშნულის შემდეგ, ლის მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო – 7:5, 6:1.

სერენა Sony Open Tennis-ის გამარჯვებული კარიერაში მეშვიდედ გახდა და WTA-ს რეიტინგში 1000 ქულა შეიმატა, ფულადი პრიზის სახით კი 787 ათასი დოლარი ერგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოვლინდება მაიამის ტურნირის გამარჯვებული ვაჟთა შორის. პირველობისთვის ამ შემთხვევაშიც მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები – რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებენ.

საინტერესოა, რომ ფინალისტებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება უბრძოლველად მოიპოვეს. ნახევარფინალში ნადალს ჩეხი ტომაშ ბერდიხი არ გამოუცხადდა, ხოლო ჯოკოვიჩს – იაპონელი კეი ნიშიკორი.

0.117971