ჩოგბურთი

10:58 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსის ტრიუმფი მაიამის მასტერსზე

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა ძალზედ დამაჯერებლად ჩაატარა მაიამიში მიმდინარე მასტერსი და დამსახურებულადაც მოიგო კარიერაში 48-ე ტიტული.

ტურნირის ფინალურ მატჩში დებ უილიამსებს შორის უმცროს სერენას რუსი მარია შარაპოვა დაუპირისპირდა. შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ამერიკელი საკუთარ ჩაწოდებებზე გეიმებს უფრო ძნელად ინარჩუნებდა, ვიდრე შარაპოვა. რუსმა მეხუთე გეიმში მაინც შეასრულა ბრეიკი, თუმცა სერენამ მალვე აღადგინა წონასწორობა. მარიამ სეტის მიწურულს კიდევ ერთხელ მოიკრიბა კონცენტრაცია და მეტოქის ჩაწოდების აღებით 5:4 დაწინაურდა, რის შემდეგაც ძალზედ დამაჯერებლად მოიგო საკუთარი გეიმიც, შესაბამისად სეტიც 6:4.

მეორე პარტია კორტების მასპინძლის დამაჯერებელი თამაშით გაიხსნა და სერენა 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შარაპოვა დროულად გამოფხიზლდა, ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და წინ გავიდა. თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა მარიას გაცილებით უკეთესი უნდა ჰქონოდა, მაგრამ უილიამსმა მაინც მოახერხა სეხვედრაში გარდატეხის შეტანა. მან 2:3-დან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სეტებს შორის ანგარიშიც გათანაბრდა 4:6, 6:3.

გადამწყვეტ პარტიაში ბრძოლა აღარ ყოფილა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, 31 წლის სერენამ მშრალი ანგარიშით გაანადგურა მეტოქე და მაიამის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა 4:6, 6:3, 6:0.

მატჩი 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში შარაპოვას ანგარიშზე არცერთი ეისი არ ყოფილა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. თავისმხრივ სერენამ 6 ეისის წილ 4 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში უმცროსი უილიამსმა კიდევ  უფრო გაზარდა სხვაობა რუსთან 12:2. 

სერენამ 1000 სარეიტინგო ქულასთან ერთად 724000 ამერიკული დოლარი მიიღო, ხოლო შარაპოვამ 700 ქულა და 353200 დოლარი.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მაიამის მასტერსის ტრიუმფატორმა განაცხადა: "ძალიან მოხარული ვარ რომ მაიამიში მეექვსედ შევძელი ტურნირის მოგება. საწყის წრეებში მაინდამაინც კარგ ჩოგბურთს ვერ ვაჩვენებდი, თუმცა თანდათან მოვუმატე. დღევანდელ, ფინალურ მატჩშიც ძალიან ცუდად დავიწყე. თავისმხრივ მარიაც ძალიან კარგად გადაადგილდებოდა კორტზე და თავისი აქტიური ქმედების შედეგად არაერთი ქულა მოიგო. გადამწყვეტი მომენტი მეორე სეტის მეექვსე გეიმი გახლდათ, სადაც მე შევძელი ისევ ინიციატივის დაბრუნება და შეხვედრის ბედის შემობრუნება."

მარია შარაპოვამ პირველ რიგში მიულოცა უილიამსს გამარჯვება და დაამატა: "მე მშვენიერი შანსი მქონდა მოგების თუმცა ვერ გამოვიყენე, ფინალში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს რათქმაუნდა არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო წარმატებისათვის. მთავარი ის გახლავთ, რომ - სწორი მიმართულებით მივდივარ" - ციტირებს ჩოგბურთელთა სიტყვებს WTA-ს ოფიციალური საიტი.

 

 

 

 

 

0.157375