ჩოგბურთი

16:55 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი: “ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს”

 32 წლის სერენა უილიამსი აშშ-ის ფლორიდის შტატის მაიამის “მასტერზ1000”-ზე საჩემპიონო ტიტულის დაცვას მეორე წრიდან, იაროსლავა შვედოვასთან მატჩით დაიწყებს. წინასატურნიროდ უილიამს-უმცროსი ჟურნალისტებს შეხვდა და საკუთარ განწყობასთან ერთად, საკუთარ დაზე, ვინუსზეც ისაუბრა. 

- რა განწყობით ხვდებით მაიამის ტურნირის სტარტს?

- მოუთმენლად ველოდები კორტზე გასვლას. მაიამიში თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. ფლორიდელი გულშემატკივრები ძალიან მიყვარს – მათ შინაურ ადამიანებად ვთვლი.

- გასულ თვეში დუბაის ტურნირის ნახევარფინალში ალიზ კორნესთან დამარცხდით. წაგების მიზეზად ზურგის ტრავმა დაასახელეთ. ამჯერად ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ გაქვთ?

- თებერვლიდან მოყოლებული ექიმებმა უამრავი პროცედურა ჩამიტარეს. ზურგი სრულ წესრიგში მაქვს. იმედია, თამაშში ხელს არაფერი შემიშლის.

- ყოველ შეჯიბრებაში ფავორიტად მოგიხსენიებენ და საბოლოო გამარჯვების უპირველეს კანდიდატად გთვლიან. ეს მორალურად რთული მომენტი არაა?

- ცხადია, ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. როდესაც ვიგებ, ეს ყველას ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია და ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. წაგების შემთხვევაში კი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე ვხვდები. ამას თანდათან მივეჩვიე და ბილი-ჯინ კინგის სიტყვებიც მეხმარება. ერთხელ მან მითხრა, ზეწოლის ქვეშ თამაში ჩოგბურთელისთვის საპატიოა და ამ ამბავმა სიამაყის გრძნობა უნდა გაგიჩინოსო. მართლაც ასეა, ღმერთმა არ ქნას, კორტზე გასულს ყურადღება ნაკლებად მომაქციონ.

- თქვენი უფროსი და ვინუსი აქტიური საჩოგბურთო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს...

- ვინუსი ჩემთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. ჩემი და უტეხი სულის ადამიანია და მისი საჩოგბურთო კარიერა აღტაცებას იმსახურებს. ამჟამად ვინუსი ისე ძლიერად ვეღარ თამაშობს, როგორც უწინ, მაგრამ შეჯიბრების, გამარჯვებისა და წინსვლის დაუოკებელი სურვილი სრულად შერჩენილი აქვს.

0.119941