კალათბურთი

2:13 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთმა ბატუმს ჩუბინობა წყალში ჩაუყარა

2014 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აშშ-ს და სერბეთის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სერბებმა წარმატებული სვლა გააგრძელეს და ნახევარფინალში ფრანგებს 90:85 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ეროვნულმა გუნდმა პირველ ეტაპზე ერთბაშად 3 მარცხი განიცადა და A ჯგუფში მხოლოდ მე-4 დაიკავა, პლეი-ოფში კი სულ სხვა გუნდად წარმოგვიდგა.

საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა მერვედფინალში საბერძნეთი გაანადგურეს (92:70), შემდეგ ბრაზილიასაც იოლად გაუსწორდნენ (84:56), ახლა კი, ფრანგებიც დაამარცხეს, რომელთაც გასულ ეტაპზე ტურნირის მასპინძელ ესპანეთს აჯობეს.

სერბებმა გამარჯვება საწყის სამ მეოთხედში “გამოსჭედეს”, თორემ ბოლო ათწუთეულში მეტოქისგან 39 (!) ქულა მიიღეს და ფრანგებს ცოტაც რომ დასცლოდათ, იქნებ, თამაშის გადარჩენაც მოეხერხებინათ.

“სამფეროვანთა” რიგებში შეუდარებლად ითამაშა ნიკოლა ბატუმმა, რომელმაც 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და 36:47 წუთში 35 ქულა მიითვალა, თუმცა, თამაშის გმირად მაინც ვერ იქცა.

სერბების მხრიდან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთეკმა მოაგროვა, ლიდერობა კი მილოშ ტეოდოსიჩმა იტვირთა. მოსკოვის ცსკა-ს მცველმა და ქართველი მანუჩარ მარკოიშვილის მომავალმა თანაგუნდელმა თამაშიდან 12-დან 9 ტყორცნა გამოიყენა და 33:28 წუთში 24 ქულა ჩააგდო.

13 სექტემბერს, მადრიდში მსოფლიო პირველობის მე-3 ადგილისთვის ლიტვა და საფრანგეთი ითამაშებენ, ხოლო 14-ში ოქროს მედლებისთვის აშშ-ს და სერბეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მადრიდი. ნახევარფინალი

საფრანგეთი – სერბეთი 85:90 (15:21, 17:25, 14:15, 39:29)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113588