საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 2014 წლის პირველი აღმასკომის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი ზამთრის მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცება იყო. სოჭში წამსვლელი ქართული დელეგაციის სია აღმასკომის წევრებს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა გააცნო.
“ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 4 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ესენი არიან ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი), იასონ აბრამიშვილი, ნინო წიკლაური და ალექსი ბენიაიძე (სამივე სამთო სათხილამურო სპორტი). მათ გარდა სოჭის ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ მწვრთნელები: გისლენ ბრაიანდი (ფიგურული სრიალი), გერა აბრამიშვილი და ჯოვანი ლაზარინი (სამთო სათხილამურო სპორტი). ადმინისტრაციულ პერსონალს წარმოადგენს რუსუდან აფციაური. მისიის ხელმძღვანელი კი მე ვიქნები” – განაცხადა მამუკა ხაბარელმა.
ქართული დელეგაციის სხვა წევრები: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, მისი თანმხლები პირი ავთო მაისურაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური ატაშე პეტრე ცანავა, პრეს-ატაშე კახა ბერიძე, სამთო სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ცაგარელი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და ჟურნალისტები: თენგიზ გაჩეჩილაძე, თენგიზ პაჭკორია და თამარ ყულუმბეგაშვილი კი ოლიმპიური სოფლის გარეთ იცხოვრებენ.
ლერი ხაბელოვის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქართული გუნდის მედროშე ნინი წიკლაური იქნება.
“წინასწარი გეგმით მედროშე ელენე გედევანიშვილს უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ოლიმპიადაში ჩართვა მოგვიანებით უწევს, გახსნის ცერემონიალზე ჩამოსვლას აღარ აპირებს და დროს მაქსიმალურად მზადებისთვის გამოიყენებს” – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.
ჩამოთვლილი 19 ადამიანის გარდა, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფებიც გაემგზავრებიან.
დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აღმასკომმა საქართველოში დაფუძნებული სამი ეროვნული ფედერაციის განაცხადებიც განიხილა და აღიარა. საუბარია საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციაზე, საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნულ ფედერაციასა და ხანშიშესულ სპორტის მოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციაზე.