სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

18:07 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-მა უტრეხტის ფესტივალის მედალოსნები დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ახლახან გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა შეაჯამა. სეოკ-ის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმატებული წევრები შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ახალგაზრდებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი და სამიც ბრინჯაო მოიპოვეს. 8 მედლიდან 7 ძიუდოისტთა გუნდზე მოდის – ერეკლე არხოზაშვილი და გიორგი კაციაშვილი ჩემპიონები გახდნენ; გიორგი ძებისაშვილს, თამაზ კირაკოზაშვილსა და იესო კვირიკაშვილს უმაღლეს ტიტულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ; სიმონ მამარდაშვილმა და მარიამ ჯანაშვილმა კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ერთი ბრინჯაო ჩოგბურთელი გოგონების ანგარიშზეა – კვარცხლბეკზე მარიამ ბოლქვაძისა და ანი ახალკაცის წყვილი ავიდა.

“ქართული დელეგაცია უტრეხტში 27 სპორტსმენით ჩავიდა და ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მოლოდინისამებრ, ყველაზე წარმატებულად ძიუდოისტები გამოვიდნენ. მათი ჭიდაობის ნახვა მართლა დიდი სიამოვნება იყო. ამ ოლიმპიური გუნდის წევრთა უმრავლესობას წინ მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი ელის და დარწმუნებული ვარ, იქაც შთამბეჭდავად გამოვლენ.

არანაკლები სიხარული მოგვანიჭეს ჩოგბურთელმა გოგონებმა, რომლებმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსების წყვილს ნამდვილ ბრძოლაში აჯობეს. ჩვენი ახალგაზრდების ჰოლანდიური შედეგიანობით კმაყოფილი ვარ და ამავდროულად, იმედი მაქვს, მომავალი ფესტივალი, რომელსაც 2015 წელს თბილისმა უნდა უმასპინძლოს, კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იქნება.

ყოველნაირად ვეცდებით, უტრეხტში დანახული ყველა ხარვეზი გავითვალისწინოთ, როგორც სპორტული, ისე საორგანიზაციო კუთხით და თბილისის ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ” – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და მედალოსნებს თავისთან უხმო, წარმატებული გამოსვლისთვის გამოყოფილი ფულადი ჯილდოების გადასაცემად.

ჩემპიონ-პრიზიორთა გარდა, ფინანსური წახალისება ძიუდოისტ ვაჟთა და გოგონათა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა - ირაკლი ცირეკიძემ და კახა მოცრაძემ - და ჩოგბურთელთა გუნდის დამრიგებელმა დავით კვერნაძემაც მიიღეს.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.204774