სხვა

20:48 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის აღმასკომის სხდომა

16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში სეოკ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომლის დღის წესრიგშიც 8 საკითხი იყო შეტანილი.

1. ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.

2. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში (უტრეხტი) საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ.

3. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის (თბილისი 2015) სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ.

4. ევროპულ თამაშებში (ბაქო 2015) მონაწილეობის შესახებ.

5. საქართველოში ოლიმპიური გარბენის დღის ჩატარების შედეგების შესახებ.

6. სეოკ-ის დაფუძნებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებების გეგმის დამტკიცების შესახებ.

7. 2014 წელს თბილისში რეგიონალური სემინარ-ფორუმის ჩატარების თაობაზე.

8. სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის შესახებ.

დამსწრეთ, სოჭის ოლიმპიადისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოგლა ცაგარელმა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.

ცაგარელის თქმით, გუნდი კარგ ფორმაშია და მოთხილამურეები ოლიმპიადისთვის ინტენსიურად ემზადებიან. ამჟამად, ისინი ავსტრიაში განაგრძობენ ვარჯიშს. არის შანსი ლიცენზიანტი სნოუბორდშიც გვყავდეს.

მაკა გიორგობიანმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ჩატარებულ ტურნირზე ელენე გედევანიშვილმა დამაჯერებლად იასპარეზა და ლიცენზიაც დამსახურებულად მოიპოვა. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადება და შეუძლია, სოჭში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. სამწუხაროდ არ გაუმართლა ოთარ ჯაფარიძე-ანგელინა ტელეგინას წყვილს და მათ მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დააკლდათ.

საციგაო სპორტში, ლიცენზიის მოსაპოვებლად ლევა გურეშიძე იბრძვის. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ფელიქს ქუმარიტაშვილმა აღნიშნა დიდი ალბათობით გურეშიძე მოახერხებს ოლიპიურ თამაშებზე მიმავალ მატარებელზე შეხტომას. სეოკ-ის დაფინანსებით მან უკვე გაიარა სამი შეკრება სოჭის ოლიმპიურ ტრასებსა და სიგულდაში (ლატვია). 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე ჩატარდება ხუთი მსოფლიო თასის ეტაპი, სადაც ქართველი მოციგავე შეეცდება დასახული მიზნის მიღწევას.

აღმასკომის სხდომაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ “თბილისი 2015”-ის პროგრამაში შემავალი 9 სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც ამ ფორუმისთვის მზადების თაობაზე ისაუბრეს.

და ბოლოს, აღმასკომის გადაწყვეტილებით, სეოკ-ის ყოველწლიური საანგარიშო სესია 24 დეკემბერს გაიმართება.

0.190878