სამხრეთაფრიკელ მორბენალ კასტერ სემენიას ქალებში გამოსვლის უფლება შეუნარჩუნეს. სამხრეთფრიკული ტელეკომპანია eNews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი, რომელიც 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 800 მეტრ დისტანციაზე სირბილში, დიდხანს ჰერმაფროდიტობაში იყო ეჭვმიტანილი. ჟურნალისტის თქმით, სემენიას საქმის დადებითად დასრულების შესახებ ინფორმაცია მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF)წარმომადგენლისგან ანონიმურად მიიღეს.
19 წლის კასტერ სემენია საზოგადოებამ შარშან, ბერლინში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან გაიცნო. სპეციალისტებმაც უმალ გამოთქვეს ეჭვი მძლეოსნის სქესის თაობაზე და მტკიცებულებებად მისი აღნაგობა, დაბალი ხმის ტემბრი და წვერით დაფარული სახე დაასახელეს.
ჯერ კიდევ მსოფლიოს პირველობის დაწყებამდე სემენიამ გენდერული ტესტი სამხრეთ აფრიკაში ჩააბარა და ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის ნორმალურზე 3-ჯერ მეტი რაოდენობა აღმოაჩნდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ანალოგიური ტესტი IAAF-მაც ჩააბარებინა, მაგრამ ოფიციალური შედეგი ჯერაც არ გამოქვეყნებულა. 2009 წლის სექტემბერში ავსტრალიურმა სააგენტოებმა დაწერეს, რომ სემენია ჰერმაფროდიტად გამოცხადდა. ახლახან კი სააგენტო AFP-მა სპორტის მოყვარულებს IAAF-ის გენერალური დირექტორის პიერ ვაისის კომენტარზე დაყრდნობით აუწყა - კასტერ სემენია ქალია, მაგრამ არა 100 პროცენტითო.







