ტიაგო ალკანტარას “ბაიერნში” გაშვებიდან ერთი დღის შემდეგ, “ბარსელონამ” მისი ძმის საკითხიც მოაგვარა. რაფინია ალკანტარა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, “სელტაში” ითამაშებს.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ 20 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არენდით იმ კლუბში გადავიდოდა, რომელშიც ბავშვობაში თამაშობდა. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “სელტამ” “ბარსელონადან” უკვე მე-2 ფეხბურთელი დაიმატა. ანდრეუ ფონტასის შემდეგ, ვიგოს რომ კატალონიელთა კიდევ ერთმა მოთამაშემ მიაშურა ეს გასაკვირი არაა, რადგან “სელტას” სათავეში “ბარსა ბ”-ს ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე უდგას.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, რაფინიამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა.