ფეხბურთი

14:31 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სახელმწიფო პროგრამის პროექტი უმაღლეს და პირველ ლიგაში წელიწადში 30 მილიონის დახარჯვას ითვალისწინებს

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, თავის მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად, სამინისტროში ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პროექტი მასმედიას წარუდგინა. პრეზენტაციას ყიფიანის კიდევ ორი მოადგილე თამაზ თევზაძე და ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგა 10-გუნდიანი უნდა იყოს და მატჩები 4 წრედ ჩატარდეს. საერთო ჯამში 36 თამაში გამოდის. პირველი ლიგა 16 გუნდით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც 2 წრედ ითამაშებენ და 30 შეხვედრა გაიმართება.

შეიქმნება განვითარების სოლიდარობის ფონდი, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში 30 მილიონი ლარით განისაზღვრება. 17 მილიონი ლარი უმაღლესი ლიგისთვის გამოიყოფა, 7 მილიონი პირველი ლიგისთვის, ხოლო 6 მილიონი საფეხბურთო მენეჯმენტისა და საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

უმაღლეს და პირველ ლიგებში მოხდება კლუბების სასტარტო დაფინანსება, იქნება ჩემპიონატისა და თასების საპრიზო ფონდი, ასევე პრემიალური ფონდი.

ყოველი სეზონის დაწყებამდე გუნდებს 500000-500000 ლარი ჩაერიცხებათ, საქართველოს ჩემპიონი ბონუსის სახით მილიონ ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 700000 ლარს, ხოლო მე-3 ადგილოსანი – 500000 ლარს. თასის მფლობელი 200000 ლარს გამოიმუშავებს, ხოლო ფინალისტი – 100000-ს. სუპერთასის მფლობელი 100000 ლარს მიიღებს, ფინალისტი კი – 50000-ს. 

პრემიალური თანხის, რომელიც 9350000 შეადგენს, გადანაწილება შემდეგი პრინციპით მოხდება. დაითვლება გუნდების მიერ ჩემპიონატში დაგროვილი ქულების ჯამური რაოდენობა. შემდეგ,  დაითვლება ერთი გუნდის მიერ დაგროვილი ქულები საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს შეადგენს და პირველიდან მე-8 ადგილის ჩათვლით, გუნდები განვითარების ფონდიდან თანხის ხსენებულ პროცენტს მიიღებენ. ფულს მხოლოდ უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი გუნდი არ მიიღებს.

პირველი ლიგის 16 გუნდიდან თითოეულის სასტარტო დაფინანსება სეზონის წინ 300000-300000 ლარი იქნება. ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი დამატებით 300000 ლარს მიიღებს, ხოლო მეორეადგილოსანი 150000-ს. დანარჩენი გუნდები, გარდა პირველი ლიგიდან გავარდნილებისა თანხებს უმაღლესი ლიგის მსგავსად  მიიღებენ.

პროექტის მიხედვით საპრიზო ფონდისა და პრემიალური თანხების განაწილების ასეთი სისტემა გარიგებული მატჩების აღმოფხვრის პრევენციაა.

მე-2 ლიგისთვის რომელიც სამოყვარულო იქნება, მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელიწადში 60000-80000 ლარი განისაზღვრება. სამაგიეროდ, მეორელიგელს პირველში გადასვლის სტიმული ექნება, რომ თავისი ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდოს.

პროექტის მიხედვით, კლუბების მიერ სასტარტო და პრემიალური თანხებიის განკარგვას კოლეგიალური საბჭო ე.წ. ბორდი განახორციელებს, რომლებიც მაღალკვალიფიციური მენეჯერებით იქნება დაკომპლექტებული. ბორდი ყველა კლუბის ბიუჯეტს განიხილავს და ხსენებული თანხების განკარგვის პრიორიტეტებს განუსაზღვრავს. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მავნე პრაქტიკის მიხედვით, ერთ-ერთ მუნიციპალურ კლუბში თურმე 91 ადამიანია გაფორმებული და ხელფასს იღებს, ამ დროს, 22 ფეხბურთელია, ხოლო დანარჩენი – მენეჯერები. საერთი ჯამში, კლუბის ბიუჯეტის 87 პროცენტი ადმინისტრაციის ხელფასებში გაიცემა.

პროექტის მიხედვით, ბავშთა ფეხბურთის გეოგრაფია რეგიონალური პრინციპით უნდა გაიზარდოს. თითოეულ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბმა მინიმუმ რეგიონის სამ სკოლაზე უნდა აიღოს შეფობა. სკოლების კატეგორიებად დაიყოფა და თითოეულს უნდა ჰყავდეს 13-წლამდელთა, 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა გუნდები, რომლებიც რეგიონალურ ლიგებში ითამაშებენ. ყოველი სკოლა განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის საფეხბურთო მენეჯმენტისა და საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარების 6-მილიონიანი ფონდიდან ბონუსს მიიღებს.

ამ პროექტის განხორციელებიდან 2 წლის შემდეგ, მე-3 წელს კლუბებს ვალდებულებად დაეკისრებათ, რომ კერძო სექტორიდან სახსრები მოიძიონ. თავის მხრივ სახელმწიფოც იმუშავებს მსხვილ კომპანიებთან, რათა მათ ფეხბურთში თანხა ჩადონ. მე-5 წელს, როდესაც პროექტი დასრულდება, ყველა კლუბი კერძო უნდა გახდეს. თუმცა, სამინისტროში ფიქრობენ, რომ 5 წელი განვითარებისთვის საკმარისი არაა და ერთი ციკლის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო 5-წლიანი ციკლი უნდა იყოს.

პროექტი ითვალისწინებს საფეხბურთო მენეჯერების სერთიფიცირებას, რომლებიც შემდეგ თავის კლუბებში მენეჯმენტს გამართავენ. თითოეულ კლუბს შეუძლია 5 კანდიდატურა წარმოადგინოს, რომლებიც საქართველოში უფასოდ გადამზადების 6-თვიან კურსს გაივლიან.

ამასთანავე, მწვრთნელთა და მსაჯების მომზადების კურსები უფრო მასშტაბური უნდა გახდეს. უნდა დაინერგოს “ადგილობრივი ფეხბურთელის წესი”. კერძოდ, კლუბები ვალდებული იქნებიან განაცხადში თავისი სკოლის აღსაზრდელები ჰყავდეთ. ადგილობრივ ფეხბურთელებად ისინი ჩაითვლებიან, ვინც 13-დან 19 წლის ასაკამდე სამი წლის განმავლობაში კლუბის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ.

პროქტის წარდგენისას ერთმა საინტერესო ფაქტმაც გაიჟღერა. თურმე, 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებითვის 53,6 მილიონი ლარი დახარჯა. მინისტრის თქმით ამ თანხამ, რომელიც არაეფექტურადაა გაბნეული ფინანსთა სამინისტროს გაკვირვებაც კი გამოიწვია. თანხები ძირითადად ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტზეა განაწილებული და ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მისი განვითარებისთვის ამხელა ფული დაიხარჯა.

0.132001