2010 წლის 12 ოქტომბერი. მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ოფიციალურ მატჩში ერთ გოლსაც ვერ გაიტანდა? ერთი კონკრეტული თავდამსხმელი კი არა, საერთოდ, ნებისმიერი. დიახ, დღეს ზუსტად სამი წელი შესრულდა და როდის გატყდება ნავსი, კაცმა არ იცის.
2010 წელს დავით სირაძემ გაიტანა ლატვია-საქართველოს შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. სირაძემ 74-ე წუთზე გახსნა ანგარიში და ბალტიისპირელმა ცაუნიამ ბოლო წუთზე გაათანაბრა ლამაზი დარტყმით.
მას შემდეგ, საქართველოს ნაკრებს თამაში კი მოუგია, მაგრამ თავდამსხმელს ერთხელაც არ გაუტანია. 13 მატჩი თავდამსხმელის გოლის გარეშე! სხვა ანტი-რეკორდებთან ერთად, ეს "ბედნიერებაც" გვაქვს. ამ 13 შეხვედრაში სულ 7 ბურთი გატანა ნაკრებმა და აი, ავტორების სიაც: ლევან კობიაშვილი, ჯაბა კანკავა (2), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გურამ კაშია, სანდრო კობახიძე.
ეს რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს. დიდად არც ამხანაგურებში გვახარებენ ფორვარდები. 2011 წლის 12 ოქტომბრიდან მოყოლებული, ამხანაგურებში ერთხელ სირაძემ გაიტანა, ერთხელ ლევან მჭედლიძემ და ერთხელაც მათე ვაწაძემ. ესაა და ეს.
ყველაზე ხშირად, თავდამსხმელად ლადო დვალიშვილი თამაშობს, რომელიც სრულიად მოწყვეტილია თანაგუნდელებისგან. დვალიშვილი ამ სამი წლის განმავლობაში არც "მაკაბიში" უჩიოდა შედეგიანობას, არც "პოლონიაში" და არც "ლეგიაში", ნაკრებში კი ვერ გააქვს. ის იხსნება, წვალობს, მუშაობს, კუთხურს და ჯარიმას ხშირად სტყუებს მეტოქეს, მაგრამ საჯარიმოს ფორვარდია. იქამდე კი ნაკრებს ბურთის მიტანა უჭირს.
13 გოლი თავდამსხმელის გოლის გარეშე. დაველოდოთ ესპანეთთან მატჩსაც. აქვე ერთიც: მიმდინარე შესარჩევში მონაწილე 52 ნაკრებს შორის, საქართველო 50-ე ადგილზეა გოლების რაოდენობით. ვუსწრებთ მხოლოდ სან-მარინოსა (1 გოლი) და ანდორას (უგოლოდ).