თამაშგარე

11:36 | 23.08.2011 | ნანახია NaN - ჯერ

საუბრები ლეო მესის არმოყვანილ ცოლზე

კატალონიური ”ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის შესახებ ესპანურ და არგენტინულ პრესაში მორიგი ჭორი აგორდა. ამჯერად ხმები მესის ქორწინებას უკავშირდება, რომელიც თითქოსდა საიდუმლო ვითარებაში, ესპანეთის კუნძულ იბისაზე შედგა. ეს ჭორი პირველად არგენტინელმა ჟურნალისტმა მარსელო არაუხომ გაავრცელა, რომელიც ჭორიკნობაში ადრეც არაერთხელ იყო შემჩნეული. მარსელო არაუხო წერდა, რომ ლეო მესიმ და მისმა ამჟამინდელმა შეყვარებულმა ანტონელა როკუსომ იბისაზე უკვე იქორწინეს და ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ არ ამხელენ, რომ საზოგადებისთვის ერთგვარი სიურპრიზის მოწყობა უნდათ.
ადვილი მისახვედრია, თუ როგორ გაანაწყენებდა არგენტინელ ფეხბურთელსა და მის მეგობრებს ეს ჭორი. თავად ლეო მესიმ და უკლებლივ ყველა მისმა ნაცნობმა ფიცი-მტკიცით დაადასტურა, რომ იბისაზე არავითარი ქორწინება არ შემდგარა და ამ საკითხს ლეო მესი ჯერჯერობით არც კი განიხილავს. ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა კი ჭორის გამავრცელებელ თანამემამულე ჟურნალისტს ”უსინდისო ადამიანი” უწოდეს და პირობა დადეს, რომ ამიერიდან მასთან მცირე კომენტარსაც კი აღარასდროს გააკეთებენ.
ცნობისთვის, ლეო მესი და მისი გულისსწორი ანტონელა როკუსო დაახლოებით ოთხი წელია, ერთმანეთს სისტემატიურად ხვდებიან. ამ დროის განმავლობაში სკანდალებზე მონადირე მოკალმეებმა ლეოს ბედი არაერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ქალს დაუკავშირეს და ლეო რამდენჯერმე ანტონელას ”ღალატშიც” კი ”ამხილეს”, მაგრამ ეს ყველაფერი მესიმ და ანტონელამ უდრტვინველად გადაიტანეს და დღესაც ერთად არიან. თუმცა, ქორწინებაზე ვერც ერთს და ვერც მეორეს, კაცი სიტყვას ვერ დააცდენინებს...

0.152336